სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.
გელაძე პარლამენტმა 6 წლის ვადით 2026 წლის აპრილში დაამტკიცა, თუმცა მან პოსტზე მხოლოდ 5 თვემდე დაჰყო.
მას შემდეგ, რაც 2015 წლის 1 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო, უწყებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სულ 5 ხელმძღვანელი ჰყავდა.
გთავაზობთ მიმოხილვას ვინ და რა ვადით იკავებდა სუსის პირველი პირის სავარძელს:
- ვახტანგ გომელაური (2015 წლის 1 აგვისტო – 2019 წლის 8 სექტემბერი) - გამოყოფილი უწყების პირველი ხელმძღვანელი. მან თანამდებობაზე 4 წელზე მეტი დაჰყო, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.
- გრიგოლ ლილუაშვილი (2019 წლის 17 ოქტომბერი – 2025 წლის 2 აპრილი) - ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომუშავე ხელმძღვანელი სუს-ის ისტორიაში. ის პოსტზე 5 წელზე მეტი იყო .
2 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. ორი დღის შემდეგ, 4 აპრილს, კობახიძემ თქვა, რომ მათ სამინისტროს საქმიანობის პრინციპებსა და საკადრო პოლიტიკაზე, მათ შორის მოადგილეების საკითხზე, განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ და ლილუაშვილი მინისტრი აღარ გახდებოდა.
ლილუაშვილმა მანამდე ვადაზე ადრე დატოვა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა, სადაც ის ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა. საბოლოოდ, რეგიონული განვითარების მინისტრად კახა გულედანი დაინიშნა, რომელიც თანამდებობიდან გასულ თვეს იმ მიზეზით გაუშვეს, რომ სამინისტრო უქმდებოდა და უწყების სამართალმემკვიდრისთვის მდინარაძეს უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკიდან წავიდა.
- ანრი ოხანაშვილი (2025 წლის 4 აპრილი – 2025 წლის 23 აგვისტო) - პარლამენტმა 6 წლის ვადით დაამტკიცა, თუმცა თანამდებობაზე ყველაზე მცირე დრო არასრული 5 თვე დარჩა.
- მამუკა მდინარაძე (2025 წლის 3 სექტემბერი – 2026 წლის 21 აპრილი) - „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი უწყებას დაახლოებით 7 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
- გეკა გელაძე (2026 წლის 21 აპრილი – 2026 წლის 14 სექტემბერი) - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მსგავსად, თანამდებობა დანიშვნიდან ზუსტად 5 თვეში დატოვა.
სუს-ის უფროსის კანდიდატურას 6 წლის ვადით პარლამენტი ამტკიცებს, თუმცა ბოლო პერიოდში უწყებაში საკადრო ცვლილებები განსაკუთრებით გახშირდა ბოლო 1.5 წლის განმავლობაში სამსახურს უკვე მესამე ხელმძღვანელი ეცვლება.























