მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის მოცულობა ამ ბაზრის გახსნის შემდეგ?

62cee3595a738
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.22 20:45
1049
საქართველოში 17 იანვრიდან თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი დაშვებულია. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის არაერთი განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება და ნაბიჯი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებდა და წამლის შეძენას მოსახლეობისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა. მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების ბაზრის გახსნის შემდეგ 5 თვე გავიდა. ჯანდაცვის სამინისტროს მაისში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მეშვეობით მოქალაქეებმა ჯამში 43 მლნ ლარამდე დაზოგეს.

BM.GE დაინტერესდა - როგორ გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი, ზოგადად, საიმპორტო ბაზრების მიხედვით და კონკრეტულად, თურქეთის შემთხვევაში. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 155.9 მლნ დოლარის ღირებულების დაფასოებული მედიკამენტები შემოვიდა. იმპორტის მოცულობამ ჯამში 5 345 ტონა შეადგინა.

გასული წლის იმავე პერიოდში საქართველოდან მედიკამენტების შესაძენად 138.5 მლნ დოლარი გავიდა და ქვეყანაში 3 728 ტონა საქონელი შემოვიდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს იმპორტის ღირებულება 12.5%-ით, ხოლო შეძენილი საქონლის მოცულობა 43.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, ისევე როგორც გასული წლების იანვარ-მაისში მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო და ამ მიმართულებიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულება 34.7%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 85.8%-ით. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მეზობელი ქვეყნიდან უფრო მეტი მოცულობის მედიკამენტი შემოვიდა.

ხუთი წლის განმავლობაში იანვარ-მაისში თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის სტატისტიკა ასეთია:

1. 2022 წელი - 25.9 მლნ დოლარი, 362 ტონა;
2. 2021 წელი - 19.3 მლნ დოლარი, 195 ტონა;
3. 2020 წელი - 19.9 მლნ დოლარი, 248 ტონა;
4. 2019 წელი - 39 მლნ დოლარი, 618 ტონა;
5. 2018 წელი - 20 მლნ დოლარი, 254 ტონა;

მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოსთვის TOP-10 საიმპორტო ბაზარი კი ასეთია:

1. თურქეთი - 25.9 მლნ დოლარი, 362 ტონა;
2. გერმანია - 16.9 მლნ დოლარი, 391 ტონა;
3. საფრანგეთი - 13.6 მლნ დოლარი, 56 ტონა;
4. უნგრეთი - 10.6 მლნ დოლარი, 103 ტონა;
5. შვეიცარია - 9.9 მლნ დოლარი, 17 ტონა;
6. ინდოეთი - 8.5 მლნ დოლარი, 242 ტონა;
7. რუსეთი - 6.1 მლნ დოლარი, 251 ტონა;
8. უკრაინა - 6 მლნ დოლარი, 252 ტონა;
9. სლოვენია - 5.6 მლნ დოლარი, 74 ტონა;
10. ბელგია - 4.5 მლნ დოლარი, 9 ტონა.

გარდა ამისა, დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი ბულგარეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, კორეის რესპუბლიკიდან, არგენტინიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ბელარუსიდან, ჩინეთიდან და სომხეთიდან განახორციელა. ამ ქვეყნებიდან შემოსული მედიკამენტების ღირებულება 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. მცირე მოცულობებით დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც განხორციელდა.