2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში არმატურის იმპორტმა 97.1 მილიონი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. იმპორტირებული არმატურის მოცულობა 165 ათას ტონას შეადგენდა. თანხობრივად წინა წელთან შედარებით იმპორტის მოცულობა 3 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
იმპორტის კლების პარალელურად, საქართველოს მთავრობამ არმატურის იმპორტზე არსებული მოსაკრებლის მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2027 წლის 1 მარტამდე გაახანგრძლივა. მოსაკრებელი ტონაზე 420 ლარს შეადგენს.
არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა იმპორტირებული არმატურის ფასი 588 დოლარს შეადგენს, შესაბამისად მოსაკრებლის გათვალისწინებით მისი ფასი იმპორტიორებისთვის 420 ლარით, ანუ 161 დოლარით იზრდება და 748 დოლარს აღწევს.
რაც შეეხება არმატურის იმპორტის ქვეყნებს, 2026 წლის განმავლობაში პროდუქციის 89% თურქეთიდან შემოვიდა, რაც ჯამურად $86.6 მილიონ დოლარს (144 ათას ტონას) შეადგენდა. თურქეთიდან არმატურის იმპორტი 28%-ით გაიზარდა.
გარდა თურქეთისა, წელს საქართველოში შემოვიდა 11 მილიონი დოლარის ღირებულების 20.3 ათასი ტონა ირანული წარმოების არმატურაც.
კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ წელს ნახშირბადიანი ფოლადის წნულები შეიძინა აზერბაიჯანია, თუმცა მეზობელი ბაზრიდან იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია და 350 000 დოლარს შეადგენს.
სტატიის განახლება 23 სექტემბერს 16:00-ზე: საქსტატის განმარტებით მათ სისტემაში 21 სექტემბერს იყო ხარვეზი, რის გამოც 97.1 მილიონი დოლარის ნაცვლად, არმატურის იმპორტის სტატისტიკაში წარმოდგენილი იყო ზუსტად ორჯერ დიდი თანხა - 194.2 მილიონი დოლარი, ასევე 165 ათასი ტონის ნაცვლად მითითებული იყო ორჯერ დიდი რიცხვი 330 ათასი ტონა, რასაც BMG-ის თავდაპირველი სტატია ეფუძნებოდა.
























