არმატურის იმპორტზე დაწესებული მოსაკრებელი 2027 წლის 1 მარტამდე იქნება ძალაში - ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. აქამდე მოქმედი დადგენილებით ეს მოსაკრებელი 2026 წლის 1 სექტემბრამდე იყო ძალაში.
არმატურის იმპორტზე ტონაზე 420 ლარის ოდენობით მოსაკრებელი თავდაპირველად 2025 წლის 25 იანვრიდან დაწესდა და ის 2025 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედებდა; შემდეგ მისი მოქმედების ვადა 2026 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 1 სექტემბრამდე. შესაბამისად, იმპორტის გადასახადის მოქმედების ვადა მესამედ გახანგრძლივდა.
არმატურის იმპორტზე ტარიფი ქვეყანაში იმპორტირებული არმატურის მკვეთრი ზრდის საპასუხოდ მოხდა. 2026 წლის რვა თვის მონაცემებით, იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და მან 194 მილიონი დოლარი (330 ათასი ტონა) შეადგინა, რაც წლიურად 93.6%-ით, ანუ 93.9 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა იმპორტირებული არმატურის ფასი 588 დოლარს შეადგენს, შესაბამისად მოსაკრებლის გათვალისწინებით მისი ფასი იმპორტიორებისთვის 420 ლარით, ანუ 161 დოლარით იზრდება და 748 დოლარს აღწევს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად არმატურის მწარმოებლები ფინანსურ სირთულეებზე მიუთითებენ, 2026 წლის იანვარში რუსთავის ფოლადის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იგორ კორიტკომ BMG-ის განუცხადა, რომ კომპანიისთვის არმატურის წარმოების მიმართულება ზარალიანი იყო და ამ სეგმენტის გაყიდვას გეგმავდნენ. 30 ივლისს კი "რუსთავის ფოლადმა" არმატურის წარმოების მიმართულება შპს "პიემ მეტალზე" გაყიდა. აღნიშნულ საწარმოო სიმძლავრეს წლიურად 200,000 ტონა არმატურის წარმოება შეუძლია.
























