ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" საკუთრებაში არსებულმა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ("რუსთავის ფოლადმა") მისი არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია "პიემ მეტალზე" გაასხვისა. ამის შესახებ კომპანიის ამონაწერიდან და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.
რეესტრის თანახმად, "რუსთავის ფოლადმა" 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია "იბერია რიბარი", რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს "იბერია რიბარის" მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი "პიემ მეტალი". ნასყიდობის ხელშეკრულებას თან ერთვის "რუსთავის ფოლადის" კრედიტორი ბანკების თანხმობა ამ ტრანზაქციის შესახებ.
რაც შეეხება კომპანია "პიემ მეტალს", ის 2019 წელს დაარსდა, მისი მფლობელია ბიზნესმენი გიორგი მირიანიშვილი. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საქმიანობის მთავარ სეგმენტს საქართველოს ბაზარზე არმატურის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. 2024 წელს კომპანიას 253 მილიონი ლარის შემოსავალი და 10.8 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
"პიემ მეტალის" მმართველობით ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან მსხვილი გარიგებისთვის ემზადებოდა, რაშიც სწორედ "რუსთავის ფოლადისგან" წარმოების ხაზის შეძენა იგულისხმებოდა. კომპანია აღნიშნავს, რომ ამ გარიგების შემდეგ მათ წლიურად 200,000 ტონა არმატურის წარმოება შეეძლებათ, ამასთან გააგრძელებენ იმპორტსაც 100,000 ტონის ოდენობით და გეგმავენ, რომ საქართველოში არმატურის ბაზრის 50% დაიკავონ.
"შპს „პიემ მეტალი“ სამშენებლო მასალების მიმართულებით იკავებს ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციის პოზიციას და სამომავლოდ მიზნად ისახავს უმაღლესი ხარისხის არმატურის წარმოების ხაზის შექმნას. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სრულდება მოლაპარაკება და გარიგების საბოლოო ვადად განისაზღვრა მესამე კვარტლის ბოლო, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას გავიდეს ადგილობრივი წარმოების დაახლოებით წლიურად 200 000 ტონა არმატურის მოცულობაზე და ასევე გააგრძელოს იმპორტი 100 000 ტონის ფარგლებში. ეს ყველაფერი ერთობლიობაში კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ გადაიქცეს საქართველოს ბაზრის ძირითად მოთამაშედ და დაიკავოს ბაზრის წილის 50%,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 51.2 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 67.8 მილიონ ლარს შეადგენს.




























