ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" საკუთრებაში არსებული „რუსთავის ფოლადი“ არმატურის ბიზნესიდან გავიდა. კომპანიამ არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია „პიემ მეტალს“ 72.3 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა. გარიგების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის ივლისში გახდა ცნობილი, თუმცა სრული ღირებულება ახლა, კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებით გასაჯაროვდა.
ანგარიშგების თანახმად, 2026 წლის 31 ივლისს „რუსთავის ფოლადმა“ სრულად გაასხვისა მის მიერ დაფუძნებული შპს „იბერია რიბარი“, რომლის მეშვეობითაც არმატურის საწარმოო აქტივები ცალკე კომპანიად იყო გამოყოფილი. გარიგების ძირითადი ღირებულება 51.841 მლნ აშშ დოლარია, ხოლო პროცენტის ჩათვლით, მყიდველის მიერ გადასახდელი ჯამური თანხა 72.347 მლნ დოლარს შეადგენს. თანხის გადახდა 90-თვიანი განვადებით, 2034 წლის იანვრამდე უნდა განხორციელდეს.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „რუსთავის ფოლადმა“ „იბერია რიბარი“ 2026 წლის აპრილში დააფუძნა და მას არმატურის საწარმოო ხაზი გადასცა. ამ აქტივების საბალანსო ღირებულება 15.7 მლნ ლარი იყო, ხოლო სამართლიანი ღირებულება 25.5 მლნ ლარად შეფასდა. ივლისში კი კომპანიის 100%-იანი წილი გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში არსებულ „პიემ მეტალს“ გადაეცა.
„პიემ მეტალი“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება საქართველოს ბაზარზე არმატურის იმპორტი და რეალიზაციაა. 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ 253 მლნ ლარის შემოსავალი და 10.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.
არმატურის ბიზნესის გაყიდვა „რუსთავის ფოლადისთვის“ საქმიანობის სტრუქტურის ცვლილებასაც ნიშნავს. კომპანიის განმარტებით, გარიგების შედეგად ის დაბალმარჟიანი არმატურის წარმოებიდან გამოდის და საქმიანობას უფრო მაღალმარჟიანი უნაკერო მილებისა და კვადრატული ნამზადების წარმოებაზე კონცენტრირებს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს „რუსთავის ფოლადის“ შემოსავალი წლიურად 29%-ით შემცირდა და 203.3 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა ზარალი თითქმის გაორმაგდა და 52 მლნ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში არმატურის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 45.3%-ით, 109.5 მლნ ლარამდე შემცირდა. კომპანიის მთლიანი შემოსავლის 53.9% სწორედ არმატურაზე მოდიოდა.
PwC-ის აუდიტორულ დასკვნაში ასევე აღნიშნულია არსებითი გაურკვევლობა საწარმოს ფუნქციონირების უწყვეტობასთან დაკავშირებით. 2025 წლის ბოლოს კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები მიმდინარე აქტივებს 119.8 მლნ ლარით აჭარბებდა, ხოლო უარყოფითი საკუთარი კაპიტალი 107.9 მლნ ლარს შეადგენდა.
2026 წელს „რუსთავის ფოლადმა“ სხვა ფინანსური ცვლილებებიც განახორციელა. მათ შორის, მაისში კომპანიამ 7.55 მლნ ლარად გაყიდა მიწა და შენობები, რომელთა საბალანსო ღირებულება მხოლოდ 365 ათასი ლარი იყო. სექტემბერში კი სრულად დაფარა „თიბისი ბანკის“ სესხები და დაფინანსება „საქართველოს ბანკში“ გადაიტანა. ახალი საკრედიტო შეთანხმება 36 მლნ აშშ დოლარის ვადიან სესხსა და 5 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზს მოიცავს.
არმატურის ბიზნესის გასხვისების შემდეგ კომპანიის ძირითადი საწარმოო მიმართულებები უნაკერო მილები და კვადრატული ნამზადები იქნება.
























