ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" საკუთრებაში არსებულმა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ("რუსთავის ფოლადმა") მისი არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია "პიემ მეტალზე" გაასხვისა. ამის შესახებ კომპანიის ამონაწერიდან და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.
რეესტრის თანახმად, "რუსთავის ფოლადმა" 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია "იბერია რიბარი", რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს "იბერია რიბარის" მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი "პიემ მეტალი".
ნასყიდობის ხელშეკრულებას თან ერთვის "რუსთავის ფოლადის" კრედიტორი ბანკების თანხმობა ამ ტრანზაქციის შესახებ.
იმის შესახებ, რომ კომპანია "რუსთავის ფოლადი" არმატურის სეგმენტის გაყიდვას გეგმავდა, კომპანიის უკვე ყოფილმა, გენერალურმა დირექტორმა იგორ კორიტკომ 2026 წლის იანვარში BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არმატურის სეგმენტში საქართველოს ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ რთული იყო, რასაც იმპორტის მნიშვნელოვანი მოცულობაც ერთვოდა, სწორედ ამიტომ კომპანიამ უნაკერო მილების გაყიდვაზე აიღო ძირითადი აქცენტი. ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ "რუსთავის ფოლადის" და "ქართული ცემენტის" შესაძლო გაყიდვაზე BMG-ის კითხვას უპასუხა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს "რუსთავის ფოლადის" ჯამური შემოსავალი 285 მილიონი ლარი იყო, საიდანაც არმატურის სეგმენტზე ყველაზე მეტი - 200 მილიონი ლარი მოდიოდა; 74 მილიონი ლარი იყო უნაკერო მილების გაყიდვები; ხოლო სხვა სეგმენტებიდან 10 მილიონამდე შემოსავალი ფიქსირდებოდა. ამასთან, 2024 წელს კომპანიას 27.8 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, 2023 წელს კი - 50.3 მილიონი ლარის ზარალი.
რაც შეეხება კომპანია "პიემ მეტალს", ის 2019 წელს დაარსდა, მისი მფლობელია ბიზნესმენი გიორგი მირიანიშვილი. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საქმიანობის მთავარ სეგმენტს საქართველოს ბაზარზე არმატურის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. 2024 წელს კომპანიას 253 მილიონი ლარის შემოსავალი და 10.8 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.




























