მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

ბილტმორი

გთავაზობთ აგვისტოს მთავარ მოვლენებს საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში.

"ტერაბანკს" სომხეთის წამყვანი Ardshinbank-ი ყიდულობს

"ტარაბანკს" სომხეთის წამყვანი Ardshinbank-ი ყიდულობს. შესაბამისი გარიგება ეროვნული ბანკის თანხმობის შემდეგ განხორციელდება. არსებული მდგომარეობით "ტერაბანკი" საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი ბანკია და მისი აქტივები 2.27 მილიარდ ლარს შეადგენს. აქამდე, ბანკის უმსხვილესი აქციონერი არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრი, შეიხი მაბარაქ ალ ნაჰაიანი იყო.

რაც შეეხება Ardshinbank-ს მისი დამფუძნებელია სომეხი ბიზნესმენი კარენ საფარიანი. ბანკის მთლიანი აქტივები 7.21 მილიარდ დოლარს, კრედიტები კი 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2025 წელს Ardshinbank-ის წმინდა მოგებამ დაახლოებით 370.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 10 მილიონი დოლარით მეტი იყო.

კარენ საფარიანის Arins Group-მა სასტუმრო "ბილტმორი" შეიძინა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო "ბილტმორი", რომელსაც აქამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრი მაბარაქ ალ ნაჰაიანი ფლობდა, სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის Arnis Group-მა შეიძინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, სასტუმროს ჯამური აქტივების ღირებულება 211 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო წლიური შემოსავალი 30 მილიონ ლარს აღემატება. გარიგების ფასი ჯერჯერობით უცნობია.

BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა

კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ (Black Sea Petroleum, BSP) ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის ალტერნატიული, არარუსული ნედლეულით ჩანაცვლების პროცესი დაასრულა. არსებული ინფორმაციით, ქარხანა 2026 წლის 24 აგვისტოდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს. დივერსიფიკაციის ფარგლებში, BSP-მა ყაზახური ნედლი ნავთობის მიღება 2026 წლის ივლისში დაიწყო. BSP-ის მიერ ივლისშივე გაკეთებული განცხადების მიხედვით კი უკვე აგვისტოდან კომპანია რუსული ნედლი ნავთობის სრულ ჩანაცვლებას შეძლებდა, რადგან ამ პერიოდში კომპანია ყაზახეთიდან დამატებით მოცულობებს ელოდა, რასაც ლიბიური წარმოშობის ნავთობის იმპორტის დაწყებაც უნდა მოჰყოლოდა. კომპანიის წინა განცხადების თანახმად, BSP-ის ლიბიიდან ნავთობის მიწოდების ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.

"რუსთავის ფოლადმა" არმატურის წარმოების მიმართულება გაყიდა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "ჰანიველ პარტნერსის" საკუთრებაში არსებულმა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ("რუსთავის ფოლადმა") მისი არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია "პიემ მეტალზე" გაასხვისა. ამის შესახებ კომპანიის ამონაწერიდან და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. რეესტრის თანახმად, "რუსთავის ფოლადმა" 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია "იბერია რიბარი", რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი, ხოლო 2026 წლის 30 ივლისს "იბერია რიბარის" მფლობელი გახდა ბიზნესმენ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაში მყოფი "პიემ მეტალი".

საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, დაახლოებით 680 ტონა საწვავია შეტანილი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული მოცულობა საკმარისია, რათა აფხაზეთში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას. „როგორც ვიცი, გუშინდელი მდგომარეობით დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი. ეს არ არის დიდი მოცულობა, თუმცა არის საკმარისი იმისათვის, რომ ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას აფხაზეთში. ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია და ამის მიხედვით გაგრძელდება პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კობახიძის თქმით, საწვავის შეტანა კერძო ბიზნესის ინიციატივით განხორციელდა და გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან იყო შეთანხმებული. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მთავარი მოტივი არა ეკონომიკური სარგებელი, არამედ აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენა იყო.

ეროვნულმა ბანკმა 488 მილიონი დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სებ-მა გასული თვის განმავლობაში 488.2 მილიონი დოლარი შეისყიდა Bmatch პლატფორმის მეშვეობით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით რეზერვები 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში კი ეროვნული ბანკის ჯამური შესყიდვები 2.56 მილიარდი დოლარი იყო. 2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
  • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
  • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი.

ერთწლიან ჭრილში საქართველოს სავალუტო რეზერვები 2.5 მილიარდი დოლარით, ანუ 50%-ით, 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვა იყო.

საბანკო დაკრედიტება 75 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივლისის ბოლოს საქართველოში მოქმედი ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, ბანკთაშორისი სესხების გამოკლებით, 75.61 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა თვის ბოლოს არსებულ მოცულობას 185.57 მილიონი ლარით, ანუ 0.25%-ით აღემატება. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ზრდამ 0.45% შეადგინა. ამასთან, სესხების წლიური ზრდა, ასევე გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.66% იყო. ეროვნული ბანკის თანახმად, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 352.03 მილიონი ლარით, ანუ 0.80%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.46 მილიონი ლარით, ანუ 0.53%-ით შემცირდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის კლება 0.04% იყო. ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყარო ივლისში შინამეურნეობების დაკრედიტება იყო.

ანაკლიის პორტის პროექტის პარამეტრები შემცირდა - ნებართვა გაიცა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ზომების შემცირების ინიციატივამ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანხმობა მოიპოვა. განახლებული პროექტის მიხედვით, 2025 წელს შეთანხმებულ ვერსიასთან შედარებით მცირდება პორტის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მოცულობა, საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი, მისასვლელი არხის სიგრძე და სიღრმე.

პარამეტრი სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი განახლებული პროექტი ცვლილება
ფსკერდაღრმავების მოცულობა 7.5 მლნ მ³ 5.25 მლნ მ³ -30%
საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 113.1 ჰა 105 ჰა -7.2%
მისასვლელი არხის სიგრძე 2,000 მ 1,800 მ -10%
მისასვლელი არხის სიგანე 230 მ 230 მ უცვლელი
მისასვლელი არხის გარანტირებული სიღრმე -20.31 მ -18.00 მ შემცირება
მოსაბრუნებელი აუზის რადიუსი 270–271 მ 270 მ პრაქტიკულად უცვლელი
მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე -17.21 მ -15.20 მ შემცირება
ტალღმტეხის სიგრძე 1,370 მ 1,376 მ +6 მ

თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის ₾13.2-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის ₾13.2-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 21 თვეა. ტენდერში მონაწილეობის მსურველს 2022 წლის 1 იანვრიდან მინიმუმ ₾25 მილიონი ღირებულების სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეს, მათ შორის შესაბამისი სირთულის ერთი შენობის ₾10 მილიონად ან ორი შენობის ₾15 მილიონად მშენებლობის გამოცდილება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ₾13.275 მილიონია. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის 15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, ახალი ტერმინალი თანამედროვე საფასადე და შემინული სისტემებით აღიჭურვება. შენობა მოიცავს მოსაცდელ, სარეგისტრაციო, გამგზავრებისა და მოფრენის დარბაზებს, ბარგისა და უსაფრთხოების ზონებსა და საოფისე ფართებს. ტერმინალის საერთო ფართობი 950 კვ.მ., კეთილმოწყობილი ტერიტორია კი, პარკინგის ჩათვლით, 11 600 კვ.მ. იქნება. პროექტზე არქიტექტურულმა კომპანია „გრინ სტუდიომ“ იმუშავა.

ირაკლი ღარიბაშვილს კორუფციული ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ახალი ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს და ამ პროცესის შედეგად ირაკლი ღარიბაშვილისთვის 750 000 ლარის ქრთამის გადაცემას ეხება. პროკურატურის ვერსიით, ქრთამის თანხა ყოფილ პრემიერ-მინისტრამდე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გავლით მივიდა. გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვებისას კონკურენტული გარემო ხელოვნურად შეიზღუდა, რამაც სახელმწიფოსთვის საქონლის რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ფასის გადახდა გამოიწვია. ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან სასჯელს იხდის. ახალი ბრალდება კი, პროკურატურის მიერ მითითებული კვალიფიკაციით, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 8 მილიონი ლარი დაემატა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ორი ახალი კომპანია - შპს AWARD-ი და შპს "ნიუკონსი" ერთვებიან - ამის შესახებ თბილისის მერიის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ხდება ცნობილი. კომპანიები ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციას მოახდნენ, რისთვისაც მერიამ ტენდერები 14 აგვისტოს გამოაცხადა. პირველ ტენდერში 3,650,000 ლარით გაიმარჯვა კომპანია AWARD-მა, ხოლო მეორეში 3,854,000 ლარით ნიუკონსმა. ორივე ტენდერის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 7.8 მილიონ ლარს, ხოლო გამარჯვებულების მიერ დაფიქსირებული საერთო ფასი 7.5 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები