„რუსთავის ფოლადის“ დირექტორის განცხადებით, კომპანიას არმატურის ბიზნესი ჯერ არ გაუყიდია, თუმცა პორტფელის ამ ნაწილის გასხვისებას ისევ განიხილავენ. ამის შესახებ იგორ კორიტკომ BMG tv-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ კომპანიის მიერ ამ მიმართულებით ბიზნესის გასხვისების შესაძლებლობის შესახებ იგორ კორიტკომ პირველად 2025 წლის ოქტომბერში BMG-სთან გააჟღერა, თუმცა მაშინვე აღნიშნავდა, რომ არმატურის ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდათ.
21 იანვარს BMG tv-ში სტუმრობისას კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არმატურის წარმოებას მათ ბიზნესში მცირე წილი უკავია, რადგან უნაკერო მილები მეტად მოგებიანია, თუმცა ამ ეტაპზე „რუსთავის ფოლადი“ წარმოების ამ ხაზს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მან აღნიშნა, რომ ქარხანაში 2025 წელს 70 000 ტონა არმატურა იწარმოვა.
„ჩვენ იგივე მოცემულობაში ვართ. გვჯერა, რომ ჩვენი ძირითადი პროდუქტი უნაკერო მილებია და ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ როდესაც ერთმანეთს უნაკერო მილების და არმატურის წარმოებას ვადარებთ ეს სხვადასხვა ტიპის ბიზნესია. რადგან უნაკერო მილების შემთხვევაში ეს ბიზნესი ცოდნით და ტექნოლოგიებით გაჯერებული მიმართულებაა და ძალიან ფრთხილად ვუდგებით თითოეული მილის წარმოებას. არმატურა კი სხვა ტიპის ბიზნესია. ჩვენი აზრით, კომპანიის პორტფელში ორივე ერთი მოცემულობით ვერ გვექნება. ამიტომ გვჯერა, რომ უნაკერო მილები ჩვენი მთავარი ძირითადი მოცემულობაა. არმატურის შესახებ კი გეტყვით, რომ იმავე მდგომარეობაში ვართ, რომელშიც რამდენიმე თვის წინ ვიყავით და ამ ბიზნესის გაყიდვას განვიხილავთ. თუმცა ჯერ არ გაგვიყიდია - 100%-ით ჩვენს მფლობელობაშია. მინდა გითხრათ, უახლოეს მომავალში - რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ბიზნესს არ გავყიდით, შევინარჩუნებთ, თუმცა მეორე მხრივ მის გაყიდვაზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ“, - განაცხადა იგორ კორიტკომ.




























