26.ოქტომბერი .2020 13:40

როგორ შევიძინოთ უვნებელი საქონლის ხორცი - იხილეთ გზამკვლევი Agronavt-ზე

views 757
უკან

სად და როგორი საქონლის ხორცი უნდა შევიძინოთ? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ უვნებელი პროდუქტი ვიყიდოთ? რა უფლებები და ვალდებულებები გვაქვს მომხმარებლებს საქონლის ხორცის შეძენისას? - ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხის მოძებნა მობილურ აპლიკაცია Agronavti-ზე, კერძოდ, გზამკვლევში „რეკომენდაციები უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შესაძენად” შეიძლება. სახელმძღვანელო აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" ფარგლებში მომზადდა, რომელსაც ამერიკული კომპანია Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. გზამკვლევი, ასევე, ხელმისაწვდომია ბლოგ Agronavti-ზე https://blog.agronavt.ge/.

გზამკვლევის საშუალებით დაადგენთ, რატომ უნდა შეიძინოთ სასაკლაოზე დაკლული ხორცი და რატომ უნდა შეიძინო ხორცი მხოლოდ რეგისტრირებული ბიზნესოპერატორისგან. გზამკვლევის ავტორები ხაზგასმით მიგვანიშნებენ, რომ ხორცი ავტომაგისტრალებზე, ე.წ. გარე ვაჭრობის ობიექტებში, ავტომობილების საბარგულიდან ან/და ქუჩაში სახელდახელოდ მოწყობილი დახლებიდან არ უნდა შევიძინოთ. 

პროექტის - "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯერი მზია კუზნეცოვა BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, რომ Agronavti-ს პლატფორმაზე განთავსებული სახელმძღვანელოს შექმნის იდეა, რომელიც უვნებელი ხორცის შეძენის საკითხებს დეტალურად ეხება, ახლობლებისა და მომხამრებლების მიერ უვნებელი ხორცის შესყიდვასთან დაკავშირებული კითხვებიდან გამომდინარე გაჩნდა და აქცენტი ორი მიმართულებით გაკეთდა.

„სახელმძღავნელოზე მუშაობისას აქცენტი სასტუმროებსა და რესტორნების მომზადებაზე გავაკეთეთ. მიზანი ამ მიმართულებით ბიზნესოპერატორების ცოდნის ამაღლებაა. თუ სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელთანაც ასევე ვთანამშრომლობთ, შევა რესტორნებსა და ბარებში შემოწმებაზე, მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო პასუხი და ცოდნა ხორცთან მიმართებით - რა ვალდებულებები, სანქციები არსებობს და როგორ უნდა დაიცვან თავი გაუგებრობისგან.

სახელმძღვანელო თავიდან, ასევე, გათვლილი იყო ჩვეულებრივ მომხმარებელზე, ვინც სახლში ამზადებს ხორცს, რადგან მოიცავს რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი ხორცის ყიდვის შემდეგ - როგორ უნდა დაამუშაოს, რა წესები უნდა დაიცვას, როგორ, რა ვადით და რა ტემპერატურაზე უნდა შეინახოს და ა.შ“, - განაცხადა მზია კუზნეცოვამ.

მან სახელმძღვანელოს შინაარსზეც ისაუბრა და ის ძირითადი კრიტერიუმები დაასახელა როგორ უნდა მოხდეს მომხმრებლის მიერ ხორცის შერჩევა.

„ხორცი აუცილებლად უნდა შევიძინოთ სპეციალური წესით რეგისტრირებულ ბინზესოპერატორებთან და არა - ქუჩაში, გზებზე გამოტანილი ხორცი, რომელსაც არც ჰიგიენური ნორმები მოეთხოვება და არც ტემპერატურული რეჟიმები აქვს დაცული. სახელმძღვანელოში მოცემულია რა დოკუმენტები უნდა ახლდეს ხორცს; რას უნდა მიაქციოს ყურადღება ჰორეკამ შეძენის დროს. ამასთან, სეს-ის ინსპექტორის ან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ვალდებულია, დაახვედროს ძირითადად ეტიკეტი, რომელიც შეიძლება იყოს ფორმა 2 და ასევე, ხორცზე არსებული ანაბეჭდი, ვეტერინარული ბეჭედი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქონელი სასაკლაოზე ყველა წესის დაცვითაა დაკლული.

ბროშურაში, ასევე, გაშლილია ხორცის ე.წ. კატეგორიზაცია - რას ნიშნავს ანტრეკოტი, არტალა და ა.შ. და რისთვის უნდა გამოვიყენოთ თითოეული ნაჭერი. გვაქვს ასევე სახეობრივი სხვაობები, როგორ შეიძლება განვასხვავოთ ცხენის, საქონლის და სახედრის ხორცი, რომ არ მოტყუვდეთ. საუბარია ხორცის სიახლის მაჩვენებლებზეც“, - აღნიშნა მზია კუზნეცოვამ.

პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯერი ამბობს, რომ მომხამრებელს აქვს უფლება მოსთხოვოს ბიზნესოპერატორს ის დოკუმენტაცია, რომელიც მის საქმიანობას შეეხება და ადგილიდან გადაამოწმოს სეს-ის ცხელ ხაზზე 1505-ზე დარეკვით შეესაბამება თუ არა ამ ნომრის საქონლის ხორცი სასაკლაოზე დაკლულ უვნებელ ხორცს.

Agronavti-ს აპლიკაციის დადებით მხარეებზე, თავის მხრივ, მისმა მომხმარებელმა, კაფე „ნუგას“ მფლობელმა ნუცა სურგულაძემ ისაუბრა.

„კაფის გახსნისას გამოწვევის წინაშე დავდექით - როგორ შემეძინა საქონის უვნებელი ხორცი? ძიების პროსცეში მივაკვლიე ერთ საინტერესო მობილურ აპლიკაციას Agronavt-ს, სადაც ვიპოვე გზამკვლევი - „როგორ შევიძინო საქონლის უვნებელი ხორცი?“ მე, როგორც რესტორნის მეპატრონემ, სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მივაგენი უვნებელი ხორცის მწარმოებელ კომპანიას, ვისგანაც ვყიდულობ პროდუქციას, რათა ჩემი მომხმარებელი დავიცვა. ამიტომ, არა მარტო მომხმარებებლებმა, არამედ საკვების დამამზადებელმა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, ასევე იმ დაწესებულებებმა, სადაც ხდება საკვებითა და სასმელებით გამასპინძლება, აუცილებლად უნდა გადმოწერონ Agronavt-ის აპლიკაცია, იმისათვის რომ ხარისხიანი კერძებით გაუმასპინძლდნენ მომხმარებელს. კერძს მთავარ გემოს აძლევს უვნებელი და ხარისხიანი ინგრედიენტები და მისი მომზადების ტექნიკა“, - ამბობს ნუცა სურგულაძე.

სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი და პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" ტექნიკური დირექტორი ლაშა ავალიანი BM.GE-სთან აღნიშნულ გზამკვლევზე და აპლიკაცია Agronavti-ზე განთავსებული სხვადასხვა სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე გვესაუბრა.

მისი თქმით, Agronavti-ის აპლიკაციასა და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია, ფერმერებისთვის, მწარმოებლებისთვის, მომხმარებლებისთვის, ბიზნეს ოპერატორებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს როგორც პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობას, ასევე, ფერმერული მეურნეობის თუ წარმოებისთვის ყველა საჭირო საკითხის ცოდნის გაზიარებას.

„ჩვენი ერთობლივი პროექტი მერძეული და მეხორცული მეურნეობების განვითრებისკენაა მიმართული. ვინაიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციაა ჩვენი პარტნიორია, ხელს ვუწყობთ ამ პლატფორმის ერთის მხრივ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ ცოდნით, ჩვენი პროექტის მიერ შექმნილი საინფორმაციო მასალების ატვირთვას, რათა Agronavti-ს აპლიკაცია უფრო საინტერესო შიგთავსით გაჯერდეს.

სახელმძღვანელო „როგორ შევიძინოთ უვნებელი ხორცი“ არის ერთ-ერთი, რომელიც დღემდე შევიმუშავეთ და ბევრი კიდევ შემუშავების პროცესშია. ამ პლატფორმაზე იხილავთ და გაიგებთ - როგორ ხდება ბიზნესოპერატორის და ზოგადად, ამ სფეროში ჩართული ადამიანების რეგისტრაციის პროცესი; ასევე შევადგინეთ სახელმძღვანელო ვეტერინარული პრეპარატების შეძენის და ფერმაში მათი გამოყენების შესახებ და მრავალი სხვა. სრულდება ასევე მუშაობა ანიმაციურ ვიდეობზე იმისთვის, რომ მარტივად აღსაქმელი ფორმით გავავრცელოთ დაინტერესებულ ადმიანებში საინტერესო ინფორმაცია, რომელიც თემატურად სახელმძღვანელოების შინაარს გადმოსცემს.

გარდა იმისა, რომ მომხმარებელი იღებს სრულფასოვან ინფორმაციას როგორ შეიძინოს სოფლის მეურნეობის ესა თუ ის პროდუქტი, ასევე მწარმოებლები და ფერმერები იღებენ სრულფასოვან ცოდნას, როგორ წამოიწყონ თავისი ბიზნესი და როგორ განავითარონ ის“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

ცნობისთვის: უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შეძენის გზამკვლევის გადმოსაწერად ეწვიეთ ბლოგ Agronavti-ზე - მისამართზე blog.agronavt.ge . ასევე, მისი მოკლე საინფორმაციო ვერსია შეგიძლიათ მობილურ აპლიკაცია Agronavti-ში მოიძიოთ.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა