მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი ფერმერებსაც? - ნინო ზამბახიძის განმარტება

ნინო ზამბახიძე

"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ირიბად ფერმერებსაც ანუ ფიზიკურ პირებსაც შეეხებათ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

როგორც ნინო ზამბახიძე აცხადებს, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ არ აპირებს, დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ და შესაბამისად, კანონის მიღების შემთხვევაში, საქმიანობას შეაჩერებს.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ფერმერებმა დაკარგონ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი პროგრამების დახმარებით ჰქონდათ“, - ამბობს ის.

ნინო ზამბახიძის ინფორმაციითვე, 2012 წლიდან დღემდე, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციას“ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის დახმარებით, სოფლის მეურნეობაში 48 პროექტი აქვს განხორციელებული.

- ჩემთვის ყველაზე მეტად საამაყოა ის, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდა ფერმერს, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იცნობენ, ჩვენი პროგრამებით და გრანტებით უსარგებლიათ. მაგალითად: ბაია აბულაძე - „ბაიას ღვინოს“ დამფუძნებელი, შოთა ლაგაზიძე, რომელიც ენდემური ჯიშის ხორბლით პურს აწარმოებს, ზურა მასურაშვილი - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან და ა.შ. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციას“ ასეთი ბრჭყვიალა და პატრიოტი ხალხი ჰყავს და ისინი საქართველოს ემსახურებიან. ჩვენს ორგანიზაციაში 900-მდე ფერმერს მივეცით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ანუ გავეცით გრანტები და ჯამში, 7000-მდე ადამიანია გადამზადებული, რაც მოიცავს მასტერკლასებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უცხოეთში გაგზავნას და იქ მიღებული ცოდნის საქართველოში დანერგვას. ამდენად, ვფიქრობ, ეს არის ქართული საქმე.

- მმართველი ძალის წევრები, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ირწმუნებიან, რომ „რუსული კანონი“ ფიზიკურ პირებზე არ ვრცელდება. თუ კანონი დამტკიცდა, მაგალითად, ბაია აბულაძე ან სხვა ფერმერები რას დაკარგავენ?

- როგორც უკვე აღვნიშნე, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ არ აპირებს დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით. ამდენად, თუ კანონი ამოქმედდა, ოპერირებას შევაჩერებთ, შესაბამისად, ჩვენი წევრი ფერმერები დაკარგავენ იმ სიკეთეს, რომელსაც აქამდე იღებდნენ - შეიძლება, დაფინანსება ვერ მიიღონ, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი კურსებით ვერ გადამზადდნენ, ჩვენი პროგრამების ფარგლებში ევროპულ ქვეყნებში ვერ წავიდნენ და ვერ ნახონ, როგორია თანამედროვე სოფლის მეურნეობა, რა არის აგრიტექი, რა არის საჭირო კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ა.შ. მოკლედ, შეიძლება, შეფერხდნენ და დამოუკიდებლად ვერ მოიპოვონ დაფინანსება დონორებისგან, რაც მათ კეთილღღეობაზე აისახება და მათი კეთილდღეობა კი, პირდაპირ პროპორციულად ვრცელდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების დონეზე. ამასთან, დაუნახავი უნდა ვიყო, რომ არ აღვნიშნო სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში და დარგით ახალგაზრდების დაინტერესებაში.

- „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, დონორებს ექნებათ სურვილი დაირქვან „უცხო ძალა“ და ჩვეულებრივი გააგრძელონ საგრანტო პროგრამები?

- ჩვენი ინფორმაციით, ეს კანონი გარკვეულ გამოწვევებს შექმნის და მათ აარ ექნებათ ასეთი ღიაობა და მზაობა სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები