მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მიიღონ უსამსახუროდ დარჩენილებმა კომპენსაცია? - რეგისტრაცია დაიყო

5ebe57eb2c1d7
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.20 13:05
5317
კორონავირუსის გამო უსამსახუროდ დარჩენილთა, ანუ კომპენსაციის მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ დღეს სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ რეგისტრაციის ის წესები განმარტა, რომელთა საფუძველზეც სამუშაო დაკარგულები, ან უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულები კომპენსაციის მიღებას რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეძლებენ.

"კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციის მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.

კომპენსაციის მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია.

პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ, ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ, მათ ავტომატურად დაერიცხებათ შესაბამისი კომპენსაცია.

ხოლო თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე - moh.gov.ge

ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადის დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მიღებისთვის მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცების წარდგენა. 

მიღებული განაცხადის დამუშავება და კომპენსაციის მიღება მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ფიზიკურმა პირებმა უნდა შეავსონ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი და საბანკო რეკვიზიტები.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, მათაც დღეიდან 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი და პირადი ნომერი; საკონტაქტო მონაცემები; საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ასევე აღნიშნულმა პირმა უნდა ატვირთოს მაგალითად, რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა, გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი, ეს არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდება მომსახურების გაწევის მომსახურე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალს და ღირებულებას, ეს შეიძლება იყოს შესყიდვების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა; ასევე 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ეკონომიკური სარგებელი; მუნიციპალიტეტის ან სხვა ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა ან ლიცენზია. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური საქმიანობა და/ან შემოსავალი და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც ისინი დაადასტურებენ ეკონომიკურ სარგებელს.

განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება კომპენსაციის ჩარიცხვა აღნიშნული პირის ანგარიშზე.

იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან პორტალზე რეგისტრაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05-ზე", - განმარტა თამარ ბარკალაიამ.