გასულ წელს, გურიაში მოსული დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ოჯახები 30 000-დან 50 000 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ. შესაბამისი განკარგულება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 19 მარტს გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფა 10,4 მლნ ლარი, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 4,9 მლნ ლარი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 2,25 მლნ ლარი, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 3,25 მლნ ლარი.
საკომპენსაციო თანხად ერთ ოჯახზე განისაზღვრა:
50 000 ლარის ოდენობით - თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;
30 000 ლარის ოდენობით - თუ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ გაასხვისა, ასევე, თუ 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ, დაზიანებული სახლის მესაკუთრე, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.
„ამ განკარგულების ფარგლებში გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე კომპეტენტური ორგანოსათვის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან“, - წერია დოკუმენტში.
განკარგულების თანახმად, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა უნდა განახორციელონ კომპენსაციის გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებები.
ცნობისთვის, გურიაში, დიდთოვლობით დაზარალებულთა დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან გასული წლის ზაფხულის მიწურულსაც გამოიყო თანხა. მაშინ ₾11.7 მლნ-ის ოდენობით.




























