გურიაში მდებარე ეკოტურისტული სივრცე Dumbó Eco Camp-ის საქმიანობაზე მოკლე ტურისტული სეზონი და არასტაბილური ამინდი აისახება. კომპანიის დამფუძნებელი, ლიკა დუმბაძე BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ რეგიონში წელიწადში მხოლოდ 2-3 თვეა ტურისტების მისაღებად ხელსაყრელი ამინდი. ამასთან, ვიზიტორები მოგზაურობას ხშირად ამინდის პროგნოზის მიხედვით, მოკლე ვადაში გეგმავენ, რის გამოც კომპანიას ინფრასტრუქტურის ადაპტირება და წვიმიანი დღეებისთვის გადახურული სივრცეების მოწყობა მოუწია.
„სეზონურობა ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. თუ ზოგადად აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ითვლება აქტიური პერიოდი, გურიაში ეს კიდევ უფრო მოკლეა და რეალურად ორ-სამ თვეზე გვაქვს საუბარი, როდესაც კარგი ამინდებია. წელს, მაგალითად, გურიაში ზაფხული ფაქტობრივად არ გვქონია. თან გურიაში ჩამოსული ტურისტი მოგზაურობას სამი-ოთხი თვით ადრე არ გეგმავს - ამოწმებს პროგნოზს, ხედავს, რომ მზეა და უცებ გადაწყვეტს, რომ გურიაში წავიდეს. ამიტომ მოგვიწია გადახურული სივრცეების მოწყობა, რომ წვიმიან დღეებშიც სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემო შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა ლიკა დუმბაძემ .
მისივე თქმით, თავდაპირველად საგანმანათლებლო ბანაკის ძირითადი მომხმარებლები უცხოელი მოგზაურები იყვნენ, მათ შორის გერმანიიდან და შვეიცარიიდან. ბოლო პერიოდში კი ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადი კი შედარებით შემცირდა.
„თავიდან უფრო საერთაშორისო ვიზიტორები გვყავდა. მათ აინტერესებდათ საქართველოში ჩამოსვლა და ისეთი ადგილების გაცნობა, რომლებიც ტურისტულად ნაკლებად ათვისებულია. გურია ჯერ კიდევ რეგიონია, სადაც ტურისტი შედარებით ნაკლებია. თუმცა ბოლო პერიოდში ადგილობრივი ტურიზმი გააქტიურდა. ქართველი სტუმრები უფრო ხშირად ჩამოდიან და განსაკუთრებით კარგია, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სეზონზე რამდენჯერმე ბრუნდება. მაგალითად, მაისში ჩამოდის და შემდეგ აგვისტოში ან სექტემბერში ისევ მოდის. ეს ნიშნავს, რომ სივრცე მათთვის საჭირო გახდა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
Dumbó Eco Camp-ის ბიზნესმოდელი სტუმრებს შორის კომუნიკაციასა და საერთო სივრცეების გამოყენებას ეფუძნება. ობიექტის დამფუძნებლის განმარტებით, სივრცეში მოწყობილია საერთო სამზარეულო, სადაც ვიზიტორებს თავად შეუძლიათ კერძების მომზადება. დუმბაძის განმარტებით, კომპანიის შეთავაზება ტრადიციული სასტუმროს მომსახურებისგან სწორედ ამ მიდგომით განსხვავდება.
„ჩვენთან დიდი აქცენტი სოციალიზაციაზეა. საერთო სამზარეულო გვაქვს, სადაც ადამიანები ერთად ამზადებენ კერძებს, საღამოს კი ცეცხლის გარშემო სხდებიან. არ გვაქვს ისეთი სერვისი, როდესაც სტუმარი ჩამოდის და ყველაფერს მზა სახით ვახვედრებთ. შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მწვადი შეწვას ან პიცა გააკეთოს, ოღონდ სხვებიც დაპატიჟოს. ხშირად ადამიანები მხოლოდ კოტეჯის დასაქირავებლად ჩამოდიან, თუმცა საბოლოოდ იმაზე მეტ გამოცდილებას იღებენ, ვიდრე უბრალოდ ტყეში დასვენებაა - ეცნობიან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს და მათთან ერთად ატარებენ დროს“, - განმარტავს დუმბაძე.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, Dumbó Eco Camp-ი უკვე საკუთარი შემოსავლით მიმდინარე ხარჯების დაფარვას ახერხებს, თუმცა გაფართოებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი კვლავ საჭიროა. დუმბაძის თქმით, პროექტის განვითარება ამ ეტაპზეც მის პირად ფინანსურ რესურსებზეა დამოკიდებული.
„ბევრი წელი დამჭირდა, რომ დღეს შემძლებოდა მეთქვა, ბიზნესი თავისით მუშაობს და საკუთარ თავს ირჩენს. როდესაც საგრანტო პროგრამებში ვმონაწილეობდი და ბიზნესიდეას წარვადგენდი, ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს უფრო სოციალური პროექტი იყო და არა ბიზნესი. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ სივრცე თავის თავს ინახავს, თუმცა განვითარებისთვის ჯერ კიდევ ჩემი პირადი რესურსებია საჭირო. ამიტომ მეორე ბიზნესიც მაქვს, ფინანსურად ძლიერი უნდა ვიყო, რომ ასეთი სივრცე არსებობდეს და განვითარდეს“, - აღნიშნა ლიკა დუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ Dumbó Eco Camp-ის შექმნა ლიკა დუმბაძემ კოვიდპანდემიის პერიოდში დაიწყო. პროექტის საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო ფინანსების სიმცირის გამო სამუშაოების ნაწილი მეგობრების დახმარებითა და საკუთარი ძალებით შეასრულა. გურიაში ეკოტურისტული სივრცის მართვის პარალელურად, დუმბაძე იტალიაში ქორწილების ორგანიზების ბიზნესსაც ავითარებს.
























