მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების დარიგების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში სპეციალური ფართები გამოიყოფა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, სკოლებს, კოლეჯებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უფლება მიეცათ, თავიანთ მფლობელობაში არსებული ფართების ნაწილი უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადასცენ „შპს საგანმანათლებლო რესურსებს“.
გამოყოფილ სივრცეებში (სპორტულ და სააქტო დარბაზებში, საკლასო ოთახებში) მოეწყობა სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის პუნქტები. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავრობის მიერ დამტკიცებულ მიზნობრივ პროგრამას, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უფასო ტანსაცმლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
კომპანიას ასევე ეძლევა უფლება, ამავე ფართებში განათავსოს საინფორმაციო ბანერები და საბანკო გადახდის ტერმინალები. მათი მეშვეობით მშობლებსა და მოსწავლეებს მიაწვდიან ინფორმაციას კომერციული ბანკების იმ სპეციალური ფასდაკლებების შესახებ, რომლებიც სასკოლო პროცესთან არის დაკავშირებული.
მთავრობის განკარგულებით, ფართები გამოიყოფა თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მდებარე ათეულობით საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო ფორმების შეძენის მეორე ეტაპი 2 ნოემბერს დაიწყო. მანამდე, ფორმები მხოლოდ პირველკლასელებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ახლა კი გაყიდვები II-VI კლასელებისთვის ერთობლივად მიმდინარეობს. ფორმების შეკერვას განათლების სამინისტროს შპს საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფს. როგორც 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშში წერია, 2026-2027 სასწავლო წლისთვის შეუკვეთეს სასკოლო ფორმის
1,801,000 ერთეული, რისთვისაც დაიხარჯა 45.7 მილიონი ლარი. ფორმები შეკერა ჩინურმა კომპანია Glory Textile Industry-მ, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 10 მარტსაა დარეგისტრირებული და მისი მფლობელი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.
























