განათლების სამინისტროს "საგანმანათლებლო რესურსები" სასკოლო ფორმებზე გაფორმებულ 45.6 მლნ ლარის ხელშეკრულებაში ცვლილება შეაქვს. ჩინურ კომპანია "გლორი ტექსტილ ინდასთრისთან" დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება როგორც XL ზომების დამატებას, ასევე ვადების გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
კერძოდ, შესყიდვები სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების მიმდინარეობისას დამატებით 55 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვა გახდა საჭირო, საიდანაც 15 000 ცალი (გადანაწილებულია M, L, XL ზომებზე) სასკოლო ფორმის მოწოდება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2026 წლის წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო 40 000 ცალი XL ზომის (გოგოს პიჯაკი 18 000 ცალი, ბიჭის პიჯაკი 17 000 ცალი, ქვედაკაბა მუხლამდე - 5000 ცალი) სასკოლო ფორმის მოწოდებისთვის, ,,გლორი ტექსტილ ინდასთრის'' ესაჭიროება 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
შედეგად, 40 000 ცალი XL ზომის (გოგოს პიჯაკი 18 000 ცალი, ბიჭის პიჯაკი 17 000 ცალი, ქვედაკაბა მუხლამდე - 5000 ცალი) სასკოლო ფორმის მოწოდებისთვის საჭირო ვადის გათვალისწინებით, ხელშეკრულებას დაემატება სასკოლო ფორმების მოწოდების მე-4 ეტაპი, რომლის ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრება, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
"საჯარო სკოლების პირველკლასელებისთვის საჭირო სასკოლო ფორმების ძირითადი რაოდენობის რეალიზაცია განხორციელდა 2026 წლის 01 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 2026 წლის 02 ნოემბრიდან დაიწყო II-VI კლასის მოსწავლეებისთვის საჭირო სასკოლო ფორმების რეალიზების პროცესი.
რეალიზაციის მიმდინარეობის პარალელურად, გაანალიზდა გაყიდვების სტატისტიკა, ტენდენციები და გამოიკვეთა დაბალ კლასებშიც კი XL ზომებზე მოთხოვნა, რაც ბუნებრივია მაღალი კლასების ფორმების რეალიზაციის პერიოდში პროპორციულად გაიზრდება. შესაბამისად, დიდი ზომების დეფიციტის პრევენციის მიზნით, იკვეთება საჭიროება დამატებით შეძენილ იქნეს სასკოლო ფორმები, რაზეც კონტრაქტორი კომპანიის მიერ გამოხატულია მზაობა, მოწოდება განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთეულის ფასის უცვლელად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასკოლო ფორმების ცალკეულ ზომებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინება, თავდაპირველი მომართვისას ობიექტურად შეუძლებელი იყო", - წერია დოკუმენტში.
შპს "საგანმანათლებლო რესურსებმა" ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, რომელმაც ნებართვა 16 ნოემბრამდე უნდა გასცეს.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჩინური კომპანია უკვე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ფორმებს მიაწვდის და დამატებითი თანხის გამოყოფა აღარ მოხდება.
2026 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა" საქართველოში რეგისტრირებულ შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრისთან" 45 658 840 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) კონტრაქტი გააფორმა. შესყიდვის ობიექტს 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმა წარმოადგენს.
კონტრაქტში მითითებული ფასების მიხედვით, მწარმოებლისთვის თითოეული ერთეულის ღირებულება ასეთია:
- გოგოს პიჯაკი – 39.61 ლარი;
- ბიჭის პიჯაკი – 35.43 ლარი;
- გოგოს კაბა (ქვედაკაბა) – 16.76 ლარი;
- ბიჭის შარვალი – 19.65 ლარი;
- გოგოს შარვალი – 19.65 ლარი.
შესაბამისად, ხელშეკრულების მიხედვით, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტის ღირებულება 74.73 ლარს შეადგენს, ხოლო გოგოს კომპლექტის – 76.02 ლარს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ საცალო ფასსა და მწარმოებლის კონტრაქტით განსაზღვრულ ღირებულებას შორის სხვაობა ბიჭის ფორმაზე 20.27 ლარია, ხოლო გოგოს ფორმაზე – 18.98 ლარი.
ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, ფორმების ძირითადი ქსოვილი 72% პოლიესტერის, 25% ვისკოზისა და 3% ელასტინისგან უნდა დამზადდეს. პროდუქცია გათვლილი უნდა იყოს 40-გრადუსიან მანქანურ რეცხვაზე, ხოლო გამოყენებული მასალები OEKO-TEX Standard 100-ის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 301 ათასი ერთეული – 2026 წლის 25 აგვისტომდე, 600 ათასი – 15 ოქტომბრამდე, ხოლო 900 ათასი – 30 ნოემბრამდე.
ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქონლის მწარმოებელია ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co., Ltd., ხოლო სასკოლო ფორმების ბრენდია Eton Kidd. მიმწოდებლისთვის განსაზღვრულია 12-თვიანი საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც გამოვლენილი დეფექტის შემთხვევაში კომპანიას პროდუქციის საკუთარი ხარჯით შეცვლა მოუწევს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი" საქართველოში 2026 წლის მარტში დაფუძნდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპანია წარმოადგენს ჩინური მწარმოებლის წარმომადგენელს, რომლის სამკერვალო საწარმო ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს და სასკოლო ფორმების წარმოებაზე სპეციალიზდება.
























