29.იანვარი .2020 15:10

როგორი იქნება ეროვნული ბანკის ახალი, 50-მილიონიანი ოფისი - პროექტი

views 1472
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ოფისის მშენებლობას გეგმავს. ახალი შენობა თბილისის ცენტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ამერიკული არქიტექტურული კომპანია GLMV Architecture Inc-ის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე აშენდება. საინჟინრო პროექტის შესარჩევ ტენდერში მონაწილეობა სულ ხუთმა კომპანიამ მიიღო, გამარჯვებულ GLMV-თან კი კონტრაქტს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ხელი 2019 წლის 28 ნოემბერს მოაწერა. ხელშეკრულების ღირებულება 2,537,000 ლარს შეადგენს. 

მთლიანობაში, პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 50 მილიონ ლარად არის შეფასებული. 

"ჩატარდა კონკურსი და შეირჩა კომპანია, რომელმაც დიზაინი დაამუშავა ამ შენობის. ჩვენი ინფორმაციით, ამავე კომპანიამ შეიტანა განაცხადი მერიის ურბანული განვითარების სამსახურში განაშენიანების რეგულირების გეგმის შესახებ. ჯერჯერობით სხვა სიახლე ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

ახალი შენობის არქიტექტურული ნახაზები:









ტენდერში საკუთარი პროექტი 5-მა კომპანიამ წარადგინა, აქედან 4 ქართული, ერთი კი ამერიკული კომპანია იყო. ეს კომპანიებია: "ქალაქპროექტი", "არტსტუდიო-პროექტი"; "დეფანი არქიტექტურა"; "ნს სტუდიო" და GLMV Architecture.

მათგან სატენდერო კომისიის მაქსიმალური შეფასება GLMV Architecture-ის მიერ მომზადებულმა ნახაზებმა დაიმსახურა. 

GLMV Architecture კანზასის შტატში დაფუძნებული არქიტექტურული კომპანიაა. ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, მათ მიერ მომზადებული პროექტებით შენობები აშშ-ის 49 შტატში არის აშენებული. 

ახალი შენობის მთლიანი შიდა ფართობი დაახლოებით 17,000 კვადრატული მეტრი იქნება. 

ეროვნულმა ბანკმა ახალი შენობის აუცილებლობაზე განცხადება 2019 წლის ოქტომბერში გააკეთა. სებ-ის ინფორმაციით, დღეისთვის ორგანიზაცია დამატებით სამუშაო სივრცეს საჭიროებს.

"არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და მით უფრო, ვერც სამომავლო მოთხოვნებს. ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ერთი მესამედი ნაქირავებ ოფისშია განთავსებული, რაც თავის მხრივ, სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციისთვის, 2012 წელს ამჟამინდელ სათავო შენობაში (სანაპიროს ქუჩა 2; 6 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართით) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, ახალი ოფისის (ფართი 17 ათას კვადრატულ მეტრამდე,) მშენებლობის ხარჯის დიდწილად დაფარვა სწორედ არსებული შენობის რეალიზაციიდან მიღებული თანხებით იგეგმება. ხარჯების ეკონომიისა და თანხების გონივრულად განაწილების მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აშენდეს ცალკე შენობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. 

2019 წლის 10 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკი ახალი შენობის მშენებლობისთვის გააკრიტიკა. პრემიერი ამბობს, რომ გაცილებით ნაკლები დანახარჯებითაც არის მსგავსი ოფისის შექმნა შესაძლებელი. 

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო, ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ გადის. მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, რომელიც არის მაკონტროლებელი ორგანო შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება", - ამბობს გიორგი გახარია.

ახალი შენობის დეტალური პროექტი ასეთია: 



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა