მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი საინვესტიციო პოტენციალი აქვს წალენჯიხას? - კვლევა

62bc8f98573d2
ალა ისპირიანი
01.07.22 00:14
1251
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არის მიმართულებები, სადაც ინვესტიციების მოზიდვაა შესაძლებელი.

მათი ანალიზიდან ირკვევა, რომ საინტერესო შესაძლებლობებია ტურიზმის მიმართულებით - „ენგურჰესის“ კასკადის ატრაქციის და სათავგადასავლო, ეკო და გასტრო ტურიზმი. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით: ახალი კულტურების მოშენება, ექსპორტირება და მცირე ჰესებისა და თერმული წყლების ათვისება.

„რეგიონში მდებარეობს საქართველოში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის – „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულებით, ენგურის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციის შექმნა იგეგმება. აღნიშნული პროექტი აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი პლატფორმების, პანორამა ლიფტის, საბაგირო გზისა და ზიპლაინის მოწყობას, ამავდროულად წყლის სპორტის სახეობების განვითარებას ითვალისწინებს. ხელისუფლების გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება. აღნიშნული პროექტის განხორციელებამ რეგიონში დამატებითი მსხვილი ტურისტული ატრაქცია უნდა შექმნას, რაც გაზრდის ადგილზე როგორც ადგილობრივი, ისე – საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას. ეს კი, ტურისტული ინვესტიციების მოძიებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს.

ასევე, რამდენიმე წლის წინ წალენჯიხის სათავგადასავლო ტურიზმის პერსპექტივის შესწავლამ აჩვენა, რომ საერთაშორისო ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონში ეკოტურიზმის მიმართულება. დღესაც არსებობს გამოცდილება, როცა ტურისტები ძირითადად მაღალმთიან სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებზე მიემართებიან, ისეთებზე, როგორიცაა – ტობავარჩხილი, მდინარე ინწრას სათავე და მთელი ხეობა, ყვირას მთა, წიფურონა (წიფლნარი), კერნახონა და სხვა. მნიშვნელოვანი იყო, რომ, კვლევის თანახმად, არ არსებობს ადგილზე ტურისტული კომპანიები, რომელიც რეგიონში ჩამოსულ ტურისტს სხვადასხვა მარშრუტებს შესთავაზებდა და რომელთა მარშუტებიც ინტეგრირებული იქნებოდა საქართველოს მსხვილი ტურისტული კომპანიების მარშრუტებში.

ამასთან, ენგურჰესის თაღოვანი კარკასი მდებარეობს კონკრეტულად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, რაც მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვან დატვირთვას ანიჭებს არა მხოლოდ ელექტროენერგეტიკის წარმოების მიმართულებით, არამედ ქმნის საინტერესო პერსპექტივებს ტურისტული ინვესტიციებისთვის.

ამას გარდა რეგიონში ასევე არის მცირე ჰესი – სქურჰესი დერივაციული ტიპის, მოდინებაზე ორიენტირებული მცირე ჰესი, რომელიც მდებარეობს მდინარე ჭანისწყალზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ჰესის დადგმული სიმძლავრე 1.02 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 5 მლნ კვტ.სთ. სქურჰესი 1958 წლიდან არის ექსპლუატაციაში და ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით მიეწოდება საქართველოს ელექტროსისტემას.

ენერგიის კიდევ ერთი წყაროა თერმული წყლები, რომელთა საბადოები მდებარეობს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ხობის, მარტვილის და სენაკის რაიონებში. მათზე მცირე პროექტების განხორციელება შესაძლოა საინტერესო იყოს ინვესტორებისთვის ლოკალური მიზნებით და მასშტაბებით", - ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიზში.

კვლევაში საუბარია ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციებზეც.

"საინტერესოა, რომ ცენტრალური ხელისუფლების გეგმებში, ენგურჰესისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გარდა, რეგიონში სხვა მსხვილი პროექტები არ იძებნება. არც საპრივატიზაციო ნუსხაშია დიდი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით.

ტურისტთა დიდ ნაწილს ადგილზე არ უსარგებლია კვების მომსახურებით. დასარჩენად კი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული გესთჰაუზები იყო, სადაც გასტროტურიზმის ელემენტების ჩართვა შეიძლება. შესაბამისად, სათავგადასავლო ტურიზმის ხელშეწყობისთვის, პირველ რიგში ხელისუფლებამ დამატებითი ტურისტული ატრაქციების მოწყობაზე მომსახურების ინფრასტრუქტურის შექმნაზე უნდა იზრუნოს, რასაც კერძო ინიციატივაც უდავოდ მოჰყვება. შესაბამისად ეკოტურიზმისა და გასტროტურიზმის მიმართულება მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ საინტერესოა", - წერია კვლევაში.