მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი უნდა იყოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველი? - ექსპერტის შეფასება

645f5d5198b22
გიორგი არონია
15.05.23 09:10
573

“ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას სჭირდება ზედამხედველი, რომელიც პროცესში აქტიურად ჩაერთვება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, სადაზღვევო ინდუსტრიამ იცოდეს, რომ ზედამხედველი მათი პრობლემებს პროფესიონალურად მიუდგება”, - ასე პასუხობს KU Leuven-ის პროფესორი და დაზღვევის საერთაშორისო ექსპერტი, კარელ ვან ჰულე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველის როლთან დაკავშირებულ "ბიემჯის" შეკითხვას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ზედამხედველი ბაზარს კარგად იცნობდეს და კომპანიებთან დიალოგის დამყარება შეეძლოს.

"მნიშვნელოვანია ზედამხედველი იმ კომუნას იცნობდეს, რომელსაც ზედამხედველობას უწევს. ადრე, მიდგომა განსხვავებული იყო, როცა შემოწმება არასისტემატურად ტარდებოდა და საჭირო იყო სხვადასხვა დოკუმენტების მიტანა. “გადახდისუუნარობა ორი”, სხვათა შორის, მზღვეველსა და ზედამხედველს შორის დიალოგს მოიაზრებს და დიალოგი არ შედგება ორი მონოლოგისგან - ეს არის ორი მხარის საუბარი და სწორედ ეს ევალება ზედამხედველს”, - ამბობს კარელ ვან ჰულე ბიემჯისთან საუბრისას.

"ბიემჯის" შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს დაზღვევის ევროპელი ექსპერტი “საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის” ფუნქციონირებას, კარელ ვან ჰულე ამბობს, რომ დადებითად. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უწყება ახალგაზრდა ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული და საერთაშორისო დონეზე, შესაბამის წრეებში იყოს ცნობილი.

“საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის შევხდით და ის, რაც მომწონს, ისაა, რომ იქ ბევრი ახალგაზრდა, მოწადინებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს. ეს არის გარანტი იმისა, რომ თქვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლა, თქვენი ზედამხედველი წარმოდგენილია საერთაშორისო დონეზეც. როგორც ვთქვი, თქვენ ევროპის ნაწილი ხართ, მაგრამ თან, ეს უნდა აჩვენოთ. ამისთვის კი, საჭიროა ურთიერთობა ფრანკფურტში ბაზირებულ ევროპის საზედამხედველო სამსახურთან და სადაზღვევო ზედამხედველების საერთაშორისო ასოციაციასთან. საქართველო ნელ-ნელა ჩნდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ის ამ როლის მორგებას გააგრძელებს, ის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად გადაიქცევა, როგორც ეს სლოვენიის შემთხვევაში მოხდა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გყავდეთ გონებაგახსნილი, პროაქტიული და ჩართული ზედამხედველი”, - ამბობს კარელ ვან ჰულე ბიემჯისთან საუბრისას.