"საქართველოში სიგარეტში 4-ჯერ მეტი იხარჯება, ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევაში", - ამის შესახებ "არდის" გენერალური დირექტორი აცხადებს. როგორც მიხეილ ჯაფარიძე BMG-სთან აღნიშნავს, მიუხედავად პოტენციალისა, დაზღვევაზე მოთხოვნა მაინც დაბალია.
"სადაზღვევო სექტორისთვის გარე და შიდა გამოწვევები კვლავ რჩება. კარგი იქნებოდა, სახელმწიფო დონეზე გაიაზრონ, სადაზღვევო ინდუსტრიას რა დოვლათის მოტანა შეუძლია. სადაზღვევო სექტორი მაინც არ აღიქმება ისეთი ტიპის მოთამაშედ, როგორც სხვა საფინანსო მოთამაშეები. პოტენციალი ძალიან დიდია. წარმოიდგინეთ, 1 600 000-ზე მეტი რეგისტრირებული ავტომობილია და აქედან დაზღვეული 126 000 არის", - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა.
2023 წლის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების მოგებამ 248,5 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 210 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 39 მლნ ლარი იყო.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს.