მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე IMF-ს მიკრობანკების კანონზე განმარტების გაკეთებას სთხოვს

638f5c29ea388
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.22 21:25
847
პარლამენტი მიკრობანკების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. მისი მიღების შემთხვევაში, ბაზარზე ახალი საფინანსო ორგანიზაციები გაჩნდებიან, რომლებიც მისო-ებსა და ჩვეულებრივ ბანკებს შორის შუალედურ პოზიციას დაიკავებენ. ბანკებისგან განსხვავებით, მათთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 10 მილიონი ლარი იქნება. 

საკითხი პარლამენტში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ წარადგინა - “მიკრობანკების მიერ მხოლოდ დეპოზიტების მიღება და კრედიტების უცხოურ ვალუტაში გაცემა არის აკრძალული. კანონში ჩამოწერილია მიკრობანკების უფლებები და 90%-ით იმეორებს იმას, რაც აქვთ კომერციულ ბანკებს,”- ამბობს ლეჟავა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რამდენიმე მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას “მიკრობანკის” იურიდიული სტატუსის მოპოვების უფლება მიეცემა, რის შემდეგაც მათ 1 მილიონიანი სესხების გაცემა შეეძლებათ. ამჟამად მისო-ებისთვის სესხის მაქსიმალური ზომა 100,000 ლარს შეადგენს.

საჯარო განხილვაზე კანონპროექტი გააკრიტიკა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მან საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდა გააკეთონ განმარტება, თუ რატომ უჭერენ ახლა მცირე ბანკების შექმნას მხარს, მაშინ როდესაც წარსულში თავად IMF-ის მხარდაჭერილი იყო ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის 50 მილიონამდე გაზრდა. 

"იდეა საიდან გაჩნდა? ვისთვის კეთდება ეს ცვლილება? სავალუტო ფონდს მივმართავ, განმარტოს მათ შორის სავალუტო ფონდის აქ არსებულმა წარმომადგენელმა, როდის იყო სავალუტო ფონდი სწორი? 5 წლის წინ, როდესაც ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნა გაგაზრდევინათ 50 მილიონამდე, თუ ახლა არიან სწორი, როდესაც 3 მილიონ დოლარიანი ბანკების შექმნას უწყობენ ხელს? გაგვცეს ფონდმა ამაზე პასუხი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

კანონით განსაზღვრული მანდატით, მიკრო ბანკი ძირითადად დააკრედიტებს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორს, გაზრდის მოსახლეობის ფინანსურ ჩართულობას.

პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მიკრო ბანკები სესხებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემენ.

საკანონმდებლო პაკეტში სულ 26 კანონპროექტია.