მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუნა ლეჟავა საქმიანობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგრძელებს

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა საქმიანობას სავალუტო ფონდში გააგრძელებს. ამის შესახებ პოსტს თავად ლეჟავა Linkedin-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

„მოვიდა დრო გადავიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუვიწყარი 5 წლიანი გამოცდილებისთვის. მეამაყება რომ მქონდა შესაძლებლობა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად მემუშავა. დიდი ინტერესით ვიწყებ მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როგორ რეზიდენტ მრჩეველი მონღოლეთში“, - წერს პაპუნა ლეჟავა Linkedin-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობასა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ განცხადებები სექტემბერში, მას შემდეგ დაწერეს, რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი ამოქმედდა.

პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 13 დეკემბერს, 7 წლის ვადით, აირჩია. მას ამ პოსტზე უფლებამოსულება 2025 წლის დეკემბერში ეწურებოდა, თუმცა პაპუნა ლეჟავამ თანამდებობა დროზე ადრე დატოვა.

სებ-ის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს. ცნობისთვის, პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მუშაობდა. 2013-2015 წლებში იგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი იყო, 2010-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები