მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს სებ-ის საბჭოს სხდომაა, რომელზეც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ

649373c20ffbb
თელარა გელანტია
22.06.23 09:42
1025
სტატიაში საუბარია:
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა იმართება, რომელზეც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ. სხდომა დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პირველი ვიცე-პრეზიდენტის, შესაბამისად, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩევაა.

აღნიშნული თანამდებობა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, არჩილ მესტვირიშვილს აქვს დაკავებული.

თუმცა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შემოდის ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

კანონპროექტის ავტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამის საჭიროებას ხსნიდნენ იმით, რომ დღეს მოქმედ ორგანულ კანონში ხარვეზია და მკაფიოდ არ წერია, რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, როდესაც არაა პრეზიდენტი, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი მიზანი მხოლოდ საკანონმდებლო ბუნდოვანების აღმოფხვრა არ იყო, რადგან კანონში შესული ცვლილებებით, იქამდე, სანამ სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

აღსანიშნია, რომ სამი მოქმედი ვიცეპრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, ნიკოლოზ გაგუა) ყველაზე ადრე - მიმდინარე წლის დეკემბერში ვადა გასდის არჩილ მესტვირიშვილს.

ამჟამად ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში შვიდი წევრია. მათგან სამი ვიცე-პრეზიდენტია: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟანა და ნიკოლოზ გაგუა. ოთხი კი, არააღმასრულებელი წევრია. ესენია: ნათია თურნავა, ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტარი.

ამდენად, დღეს, სებ-ის 7-წევრიანი საბჭოდან რომელიმე ორი წევრი მეოთხე ვიცეპრეზიდენტის კანდიდატურას წარადგენს და დიდი ალბათობით ის გახდება პირველი ვიცეპრეზიდენტი და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქამდე, ვიდრე სებ-ს ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება.

BM.ge-ის ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურების დაყენებას ნათია თურნავა და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აპირებენ. რაც შეეხება ასევე, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს და ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილს, ის საბჭოს წევრებისთვის საკუთარი თავის შეთავაზებას არ აპირებს.

შეგახსენებთ: სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე, თავად ეროვნული ბანკი, რომელიც არ გამორიცხავდა, რომ "ოცნების" მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, ქვეყანაში IMF-ის მიმდინარე პროგრამა შეაფერხოს. აღსანიშნია, რომ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, პროგრამის შეჩერების რისკების რეალურობაზე კომენტარი თავად IMF-ს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები