მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავს დავდებ, ნათია თურნავას არც ესმის, რას მოაწერა ხელი - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკი

„ჩემთვის ორმაგად რთულია იმის ყურება, როგორ ყლაპავს ოლიგარქია დამოუკიდებელი ინსტიტუციებისგან დარჩენილ ანკლავებს“, - ასე აფასებს 2009-2016 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, როცა ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა.

„სინამდვილეში ნათია თურნავა იქნება თუ ნანა ყეინიშვილი, სახელებს და გვარებს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რადგან პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს  მდგომარეობა, როცა სადღაც პარტიაში ან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში იწერება რაღაც დოკუმენტი, რომელიც გაუგზავნეს ქალბატონ ნათია თურნავას და მან ხელი მოაწერა ამ ბრძანებას.

თავს დავდებ, ქალბატონ თურნავას არც ესმის, რას მოაწერა ხელი ანუ შინაარსი კი  ესმის, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა მანამდე რა იყო სანქცია, ან საერთაშორისო ინსტიტუტები როგორ მუშაობენ და ა.შ. ასეთია ოლიგარქიის ბუნება, სადაც არანაირ პორფესიონალიზმს და მერიტოკრატიას არ აქვს მნიშვნელობა და ფასობს ერთადერთი რამ - მონური ერთგულება; ამ კრიტერიუმით შერჩეულმა ნათია თურნავამ კი, მონური დავალებების აღსრულება დაიწყო“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ. 

„წერტილთან“ ინტერვიუში სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა და პატივისცემა გამოხატა ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი ბაქრაძის მიმართ, რომელთაც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„პაპუნა ლეჟავასთან, არჩილ მესტვირიშვილთან, ნიკოლოზ გაგუასთან და გიორგი ბაქრაძესთან სხვადასხვა დროს მქონდა საქმიანი ურთიერთობა; ისინი ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან. ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივია, როდესაც ასეთი პროფესიონალები საჯარო სამსახურში არიან. ეროვნული ბანკის სახით, კიდევ ერთხელ ვუყურებთ როგორ იქცევა ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად და ის, რომ მათ ამაში მონაწილეობა არ მიიღეს და თავისი პროტესტით წინააღმდეგობა გამოხატეს, ძალიან დასაფასებელია“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნულ ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებას მოჰყვა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს. პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ; სამივე მათგანი  თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს. მათ გარდა, პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე უარი თქვა გიორგი ბაქრაძემ.

ეროვნული ბანკიდან ვიცე-პრეზიდენტების  წასვლიდან მეორე დღესვე  ეროვნული  ბანკის საბჭოს  ახალ წევრებად  პარლამენტმა  ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩა, თან მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს არცერთი მათგანის ხედვა არ მოუსმენა და  ორივე კანდიდატურის წარდგენაზე დღეს პრეზიდენტმაც უარი თქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები