2009-2016 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სებ-ის სამ ვიცე-პრეზიდენტს, რომელთაც თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ მან„წერტილთან“ ინტერვიუში ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
გიორგი ქადაგიძემ პატივისცემა გამოხატა გიორგი ბაქრაძის მიმართაც, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი იყო და ასევე, წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„პაპუნა ლეჟავასთან, არჩილ მესტვირიშვილთან, ნიკოლოზ გაგუასთან და გიორგი ბაქრაძესთან სხვადასხვა დროს მქონდა საქმიანი ურთიერთობა; ისინი ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან. ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივია, როდესაც ასეთი პროფესიონალები საჯარო სამსახურში არიან. ეროვნული ბანკის სახით, კიდევ ერთხელ ვუყურებთ როგორ იქცევა ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად და ის, რომ მათ ამაში მონაწილეობა არ მიიღეს და თავისი პროტესტით წინააღმდეგობა გამოხატეს, ძალიან დასაფასებელია“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.
- რამდენად მყარია ეროვნულ ბანკში დარჩენილი საბჭოს წევრების - ეკატერინე გალდავას, ეკატერინე მიქაბაძის და ბობ სინგლეტერის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ რჩებიან, რათა სებ-ის ფუნქციონირება არ შეფერხდეს?
- დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით, ყველას თავისი პროფესიული და პირადი თავმოყვარეობა აქვს; უბრალოდ, ყველა საჯარო მოხელეს უნდა ვუთხრათ, რომ დღეს არაა დრო, ვისაუბროთ პოლიტიკური სიმპატიაზე; ან ჩვენ ვართ რუსეთის გუბერნია და ქართული ეკონომიკის სრული რუსიფიკაცია ხდება ან მეორე მხრივ, გავდივართ სამშვიდობოს - ევროპული მომავლის გზაზე, რომელიც ყველას გვინდა. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ყველას, ყველა ოლიგარქს, დიქტატორს და ავტოკრატს ჰგონია, რომ დიდი ხანი იქნება და ასე ჰგონიათ მათ მსახურებსაც, მაგრამ ეს დიდი ხანი თვალის დახამხამებაში ორთქლდება და ცვლილებები იმაზე სწრაფად ხდება და იმაზე სწრაფად სრულდებიან ის რეჟიმები, ვიდრე ბევრს ჰგონია.
ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებას მოჰყვა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს. პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ; სამივე მათგანი თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს. მათ გარდა, პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე უარი თქვა გიორგი ბაქრაძემ.
ეროვნული ბანკიდან ვიცე-პრეზიდენტების წასვლიდან მეორე დღესვე, 21 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებად პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩა, თან მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს არცერთი მათგანის ხედვა არ მოუსმენია და ორივე კანდიდატურის წარდგენაზე პრეზიდენტმაც უარი თქვა.