მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი ვიცე-პრეზიდენტის და მრჩევლის წასვლა ეროვნულ ბანკს ძალიან დააკლდება - ნიკოლოზ შურღაია

ბანკირი

„პაშა ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, სამი ვიცე-პრეზიდენტის - პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილის, ნიკოლოზ გაგუას და ასევე, პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი ბაქრაძის წასვლა „ეროვნულ ბანკს ძალიან დააკლდება“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „ეროვნულ ბანკში ასეთი რთული ვითარება არ ახსოვს“.

„ამ ოთხი ადამიანის გადადგომა მეტად უსიამოვნო და სავარაუდოდ, რთული შედეგების მომტანია. პირველ რიგში, გასაანალიზებელია, რატომ შეიძლებოდა, ამ ადამიანებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ; ოთხიდან ორს პირადად ვიცნობ და პატივს ვცემ - არჩილ მესტვირიშვილს და პაპუნა ლეჟავას. შევხედე მათ ბიოგრაფიებს და ოთხივეს კარიერის და საქმიანობის ანალიზით მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ მათ უყვარდათ თავისი საქმე და სიხარულით და ინტერესით აკეთებდნენ; არცერთი მათგანი არაა იმპულსური - მრავალი სირთულე გამოიარეს; არც მხდალები ჩანან და არც სიხარბეს და ეგოს გამოკიდებულები ანუ ისინი იყვნენ პროფესიონალები, მენეჯერები და ჯანსაღი სახელმწიფო მოხელეები. ამდენად, ძალიან მტკივნეულია, როცა ასეთი ადამიანები ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რადგან ისინი მსგავს ნაბიჯს - მიატოვონ საყვარელი საქმე - იოლად არ დგამენ.

ჩემი ვარაუდია, რომ ეს მათ ღირებულებებს შეეხო და ღირებულებები ძალიან მაღალი კატეგორიაა, როდესაც ვითარების და ადამიანის სულიერი მდგომარეობის შეუთავსებლობა ხდება და მორალური დილემის წინაშე როცა აღმოჩნდნენ, მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ, მათი წასვლა ეროვნულ ბანკს ძალიან დააკლდება. არა მარტო იმიტომ, რომ მაღალი კალიბრის პროფესიონალები არიან და მათ ხარისხიან შემცვლელებს ძნელად ვხედავ, არამედ ისინი დააკლდება საბანკო სექტორს და ეკონომიკას, რადგან მათ ზემოქმედებას შედეგი აქვს ეკონომიკაზე... კარგი და ცუდი მართვის შედეგები სწრაფად არ ჩანს. ჯერ არაა რეალური კრიზისი <ეროვნულ ბანკში>. კრიზისი მერე მოდის. ჯერ მუშაობა მაინც მიდის ინერციით, წარსული მარაგები არსებობს...“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

ყოფილი ბანკირი არ გამორიცხავს, რომ სებ-ში კრიზისი გაღრმავდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები