მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარიზაცია და შიდა განვადებები - ოთარ ნადარაია სების ახალი რეგულაციის რისკებს აფასებს

ნადარაია

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან პირებს, რომელთა შემოსავალიც ლარშია, უცხოურ ვალუტაში ₾1.5 მილიონის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვეღარ აიღებენ.

ეკონომისტ ოთარ ნადარაიას შეფასებით, ლარიზაციის პოლიტიკა და სავალუტო რისკის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა, დაკრედიტების გამკაცრების ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ნაწილი დეველოპერების შიდა განვადებებზე გადადის, (რომლებიც ხშირად დოლარში ფორმდება) - შედეგად, მომხმარებელს ვალუტის კურსის რისკი კვლავ რჩება:

„ლარიზაციის ინიციატივა მნიშვნელოვანი ინიციატივაა და სავალუტო რისკი არის მნიშვნელოვანი რისკი, ამიტომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება არც ბიზნესისთვის. ამასთან, ჩვენს ეკონომიკაში მივიღეთ ვითარება, როდესაც დაკრედიტება მკაცრდება იმ გაგებით, რომ ლარში ზღვარი მატულობს და ეს ერთგვარად კარგია, თუმცა გარდა იმისა, რომ პროცენტია მაღალი, პრობლემა არის, რომ, მაგალითად, იპოთეკური დაკრედიტება გადავიდა ფაქტობრივად, შიდა განვადებების ბაზარზე, ანუ სხვა ფორმა მიიღო, რომელიც ასევე სესხია. მე, მაგალითად, თუ ბინის შეძენა მინდა და დეველოპერთან გავაფორმე შიდა განვადება ვალუტაში, მე ისეთივე სავალუტო რისკი მაქვს, როგორც, მაგალითად, ბანკში ამეღო სავალუტო რისკი, ხომ? და ეს შიდა განვადების ბაზარი არის ძალიან დიდი ბაზარი უკვე, ამიტომ, აქაც არის მოწყვადობის საფრთხეები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბანკებისთვის, ასევე კომპანიებისთვის.“ - აცხადებს ნადარაია „საქმის კურსთან საუბარში.

ეკონომისტი გამოსავლის სახით ის უფრო მოქნილ, მულტისავალუტო სტრუქტურას ასახელებს, სადაც სესხის ნაწილი ლარში იქნება და ნაწილი უცხოურ ვალუტაში, რაც ერთდროულად შეამცირებს სავალუტო რისკს და შეაკავებს საპროცენტო განაკვეთის ზრდას.

„ჩვენ და ჩვენ ეკონომიკაში და ჩვენნაირ ეკონომიკებში გასაგებია, მარტივად რომ ვთქვათ, პრობლემაა, რომ უცხოური ვალუტა იაფია და რისკია და ადგილობრივი ვალუტა რისკი არ არის, მაგრამ ძვირია, ხომ? ამიტომ აქ ერთ-ერთი გამოსავალი არის, რომ იყოს ბალანსი - ანუ, მაგალითად, ნახევარი სესხი იყოს ეროვნულ ვალუტაში, მეორე ნახევარი იყოს უცხოურ ვალუტაში... ასეთ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რისკიც მცირდება და პროცენტიც არ იზრდება ისე, როგორც ეს მხოლოდ ლარის შემთხვევაშია.“ - განმარტავს ნადარაია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 1,500,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო და ის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები