„ასეთი რთული ვითარება ეროვნულ ბანკში არ მახსოვს“ - ასე ფიქრობს „პაშა ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ შურღაია. BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას ყოფილმა ბანკირმა სამი ვიცე-პრეზიდენტის - პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილის, ნიკოლოზ გაგუას და ასევე, პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი ბაქრაძის წასვლაც შეაფასა და თქვა, რომ ისინი „ეროვნულ ბანკს ძალიან დააკლდება“.
- ამ ოთხი ადამიანის გადადგომა მეტად უსიამოვნო და სავარაუდოდ, რთული შედეგების მომტანია. პირველ რიგში, გასაანალიზებელია, რატომ შეიძლებოდა, ამ ადამიანებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ; ოთხიდან ორს პირადად ვიცნობ და პატივს ვცემ - არჩილ მესტვირიშვილს და პაპუნა ლეჟავას. შევხედე მათ ბიოგრაფიებს და ოთხივეს კარიერის და საქმიანობის ანალიზით მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ მათ უყვარდათ თავისი საქმე და სიხარულით და ინტერესით აკეთებდნენ; არცერთი მათგანი არაა იმპულსური - მრავალი სირთულე გამოიარეს; არც მხდალები ჩანან და არც სიხარბეს და ეგოს გამოკიდულები ანუ ისინი იყვნენ პროფესიონალები, მენეჯერები და ჯანსაღი სახელმწიფო მოხელეები. ამდენად, ძალიან მტკივნეულია, როცა ასეთი ადამიანები ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რადგან ისინი მსგავს ნაბიჯს - მიატოვონ საყვარელი საქმე - იოლად არ დგამენ.
- რა შემთხვევაში არჩევენ წასვლას ჯანსაღი და პროფესიონალი მოხელეები?
- ჩემი ვარაუდია, რომ ეს მათ ღირებულებებს შეეხო და ღირებულებები ძალიან მაღალი კატეგორიაა, როდესაც ვითარების და ადამიანის სულიერი მდგომარეობის შეუთავსებულობა ხდება და მორალური დილემის წინაშე როცა აღმოჩნდნენ, მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ, მათი წასვლა ეროვნულ ბანკს ძალიან დააკლდება. არა მარტო იმიტომ, რომ მაღალი კალიბრის პროფესიონალები არიან და მათ ხარისხიან შემცვლელებს ძნელად ვხედავ, არამედ ისინი დააკლდება საბანკო სექტორს და ეკონომიკას, რადგან მათ ზემოქმედებას შედეგი აქვს ეკონომიკაზე... კარგი და ცუდი მართვის შედეგები სწრაფად არ ჩანს. ჯერ არაა რეალური კრიზისი <ეროვნულ ბანკში>. კრიზისი მერე მოდის. ჯერ არის ინერცია, მაინც მუშაობა მიდის, წარსული მარაგები არსებობს...
- შეიძლება, უფრო მძიმე კრიზისის წინაშე დავდგეთ?
- შევხედოთ... ასეთი ხალხი განსაკუთრებით საჭიროა მართალი <ნამდვილი> კრიზისების დროს, როცა ეკონომიკა შინაგანი ან გარეგანი შოკების წინაშეა და მაშინ გამოჩნდება ხოლმე, ვინ ვინ არის; ახლა კარგი მდგომარეობაა; ბევრი მხრივ, ნორმალური, წყნარი კონიუქტურაა. ეს პროცესების საქართველოზე რა გავლენას იქონიებს, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი მაქვს - შეიძლება, ცუდი გავლენა იქონიოს და შეიძლება - კარგი; კარგი იმ შემთხვეაში, თუ საზოგადეობა დაფიქრდება და გადაიაზრებს კარგ მმართველებსა და ნაკლებად კარგ მმართველებს შორის განსხვავებას, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნლოვანია, ამაზე იფიქრონ არა მხოლოდ მოქალაქეებმა, არამედ ლიდერებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, ვინც სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს კულუარებიდან წამოწევს, მერე ასახელებს, შემდეგ შეთანხმებებს იღებს და ბოლოს ამტკიცებს. ამ ხალხმა უნდა გაიზრონ თავისი როლი - გასაგებია, რომ ზოგს არ აქვს ეკონომიკური განათლება, მაგრამ თუ არ გვექნება კარგი ეკონომიკა, ვერ გვექნება ვერც კარგი ჯანდაცვა, ვერც კარგი თავდაცვა და ვერც კარგი მომავალი.