მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ბიზნესებს დაუსუბსიდირდება დენის გაზრდილი ტარიფი - მთავრობის გადაწყვეტილება

5ffea5e5ca162
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.21 11:51
1742
2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ცალკეულ სფეროებში მოღვაწე ბიზნესებს გაზრდილი ტარიფის სხვაობის 50% სახელმწიფოს მიერ დაუსუბსიდირდება.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, მთავრობისგან სუბსიდიას საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნესები მიიღებენ, კერძოდ, საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი ასეთია:

● მეფრინველეობა ;
● ხორცის გადამუშავება და კონსერვირება ;
● შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება ;
● ხორცის პროდუქტების წარმოება ;
● თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება ;
● კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება ;
● ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები ;
● ზეთებისა და ცხიმების წარმოება ;
● მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება ;
● რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება ;
● საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება ;
● სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება ;
● პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება ;
● ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება ;
● მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების ;
● შაქრის წარმოება ;
● სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება ;
● ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება ;
● მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის ;
● მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

მთავრობის დადგენილების თანახმად, უნდა შეიქმნას სპეციალური სია, რომელიც ამ სფეროებში მოღვაწე ბიზნესებს აღრიცხავს.

ამ სიაში შესასვლელად ბიზნესებმა 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ   https//www.registration.gov.ge-ზე უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი. დადგენილების თანახმად, ბიზნესების განაცხადებს შეამოწმებენ როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ასევე შემოსავლების სამსახური.

"დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშებასა და სამინისტროსათვის მიწოდებას, საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,” - ნათქვამია დადგენილებაში.

საქართველოში კომერციული ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა, შესაბამისად, ბიზნესები კილოვატ საათზე საშუალოდ 5.5-6.5 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ. უფრო კონკრეტულად კი, ახალი კომერციული ტარიფები ასე გამოიყურება.

2021 წლის პირველი იანვრიდან “ენერგო პროს” ქსელში ახალი ტარიფები ასე განისაზღვრება:

110-35 კვ. - ახალი ტარიფი - 28.267 თეთრი, ზრდა 13.407 თეთრი, რაც 90.2%-ია;
10-6-3.3 კვ. - ახალი ტარიფი - 30.879 თეთრი, ზრდა 14.628 თეთრი, რაც 90%-ია;
380-220 ვ - ახალი ტარიფი - 31.96 თეთრი, ზრდა 10.877 თეთრი, რაც 51.6%-ია.

“თელასის” ქსელში ახალი ტარიფები ასე განისაზღვრება

110-35 კვ. - ახალი ტარიფი - 27.37 თეთრი, ზრდა 11.26 თეთრი, რაც 69.9%-ია;
10-6-3.3 კვ. - ახალი ტარიფი - 29.646 თეთრი, ზრდა 12.764 თეთრი, რაც 75.6%-ია
380-220 ვ - ახალი ტარიფი - 32.831 თეთრი, ზრდა 11.612 თეთრი, რაც 54.7%-ია.