16.თებერვალი .2020 14:25

რომელ ჰესებზე მუშაობს "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი"?

views 1041
უკან

"საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში "მტკვარი ჰესის" პროექტთან ერთად, ფონდის პორტფელში არსებული ძირითადი ენერგოპროექტები დაასახელა.

"ამ ეტაპზე, "მტკვარი ჰესის" გარდა, ორი დიდი პროექტი გვაქვს – ერთი არის "ლენტეხი ჰესის" პროექტი, რომელიც ადრე ცნობილი იყო "ცხენისწყლის ჰესების კასკადის" სახელით. მან შეიცვალა გარკვეული ტექნიკური პარამეტრები – ადრე ოდნავ უფრო დიდი იყო, დაახლოებით, 350 მგვტ-მდე სიმძლავრის და ახლა 192 მგვტ-მდე ჩამოვიდა. ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ ძალიან დიდი კორეული კომპანია - KHNP–სთან პარტნიორობით. მათ გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი და შარშან გავაფორმეთ მათთან მემორანდუმი. ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში დაახლოებით 10% იქნება და მათ ექნებათ წამყვანი როლი. ახლა მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი. გარკვეული პარამეტრები უკვე შეცვალეს, რომ პროექტი უფრო ეფექტური გახადეს", - აღნიშნავს ცოტნე ებრალიძე.

"ლენტეხი ჰესის" შემდეგ, ცოტნე ებრალიძე "ონის ჰესს" გამოყოფს. ამ შემთხვევაში პროექტის ძირითადი პარტნიორია კომპანია "ფერი", რომელიც "მტკვარი ჰესის" პროექტშიც იყო ჩართული. ამასთან, როგორც ცოტნე ებრალიძემ აღნიშნა, გვირაბგამყვანი მანქანა, რომელიც "მტკვარი ჰესზე" იყო გამოყენებული, ონის პროექტზე გადაინაცვლებს.

რაც შეეხება "მტკვარი ჰესის" საკითხს, ცოტნე ებრალიძის ინფორმაციით, საინვესტიციო ფონდების მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, გეგმა გულისხმობს იმას, რომ "საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა" პროექტი გარკვეულ ეტაპამდე მიიყვანოს, ინვესტორებს მისი პოტენციალი აჩვენოს, შემდეგ კი მონახონ დაინტერესებული მხარე, რომელიც პროექტს შეიძენს.

შეგახსენებთ, "საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" პროექტ "მტკვარი ჰესის" ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია უკვე დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა