მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა და შემცირდა უძრავ ქონებაზე ინტერესი 2019 წელს? - სექტორის შეფასება

5e3d47d29985f
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.20 17:10
1895
„2019 წელს უძრავი ქონების გაყიდვები უმნიშვნელოდ გაიზარდა“, - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა და უძრავი ქონების კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის“ დამფუძნებელმა დირექტორმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, უძრავი ქონების შეძენის ინტერესი რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის მხრიდან შემცირდა, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან გაიზარდა. სექტორის წარმომადგენელი ამის მიზეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული პოლტიკური გარემო პირველია, რის გამოც აღნიშნული მიმართულებიდან ინვესტიციებმა იკლო.

„2019 წელს გარკვეულწილად რეგულაციებმა თავისი გავლენა იქონია ზოგადად, მიმდინარე ფასებზეც, გაყიდვებზეც და ბაზარზე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე სტაგნაცია განიცადა საერთო ფონმა.

რაც შეეხება უძრავ ქონებაში უცხოური ინვესტიციების ჩადებას, როგორც ასეთი ამ პერიოდში, რუსული ბაზარი ნაკლებად იკვეთებოდა და ინვესტიციების გაწვევაც კი მოხდა ზოგიერთი ბიზნესმენის მხრიდან. ვერ გეტყვით, რომ ივლისამდე უძრავი ქონების მიმართ რუსეთის მხირდან ინტერესის ნაკლებობა იყო. უფრო პოლიტიკური მიზეზების ბრალიც არის გარკვეულწილად იმიტომ, რომ მანამდე მსხვილი დამკვეთები აქტიურად შემოდიოდნენ და იკლო, ასევე კერძო დამკვეთების აქტიურობაც შეინიშნებოდა, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულ საცხოვრებელ ფართებს ყიდულობდნენ და ამ კუთხითაც მცირედი სტაგნაცია მაინც არის.

რაც შეეხება ირანისა და თურქეთის მოქალაქეებს, აქაც კლება შეინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ  დიდად მოლოდინები, რაც მათ ჰქონდათ ქვეყანასთან მიმართებაში, ვერ განხორციელდა და ვერც მოიკიდეს ფეხი. ირანელები ბინების შეძენით, მოქალაქეობას მარტივად იღებდნენ და ყიდულობდნენ 5-6, რიგ შემთხვევაში 10 ბინასაც. შემდეგ შეიცვალა მოქალაქეობის გაცემის პირობები და შესასყიდი უძრავი ქონების კვოტებიც, რამაც თავისი გავლენა იქონია მათი მხრიდან ინტერესის კლებაზე.

რაც შეეხება ევროპას, ამ მიმართულებიდან უძრავი ქონების მიმართ ინტერესი 2019 წელს 20-25%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია ნარჩუნდება 2020 წელსაც. აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა და გარემო, მოსწონთ და შთაბეჭდილებებით ყიდულობენ და ფიქრობენ, რომ ეს შთაბეჭდილებები ბიზნესად აქციონ. ამ მიმართულებიდან ზრდა შეინიშნებოდა, როგორც ფრანგი, ასევე გერმანელი და იტალიელი დამკვეთებისგანაც“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა და დასძინა, რომ  2019 წელს უძრავი ქონების ფასები იმ ნიშნულზე იყო, რაზეც 2018 წელს.