მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ტელევიზიებმა მიიღეს ყველაზე მეტი შემოსავალი ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიდან

5fdb270fd2b44
BM.GE
17.12.20 13:35
1109
ქართულმა ტელემაუწყებლებმა საარჩევნო პერიოდში 30,000 წუთის უფასო და 9,620 წუთის ფასიანი პოლიტიკური რეკლამები გაუშვეს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ტელევიზიებმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიდან 13.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, უფასო პოლიტიკური რეკლამებისთვის დათმობილი საეთერო დროის ღირებულებამ კი ჯამში 62.5 მილიონი ლარი შეადგინა. 

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ 34 არხზე განათავსა, ხოლო უფასო 42-მა საარჩევნო სუბიექტმა.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიდან ყველაზე დიდი შემოსავალი 4 270 075 ლარი „მთავარმა არხმა“ მიიღო. არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5 583 ლარი შეადგინა. „მთავარ არხზე“ ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 62.9%-ს შეადგენდა.

მეორე ადგილზეა „ტელეიმედი“, რომლის შემოსავალმაც 3 327 974 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 3 902 ლარი შეადგინა. „ტელეიმედზე“ ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 71.6% „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 67.5%-ს შეადგენდა.

„რუსთავი 2“-ის შემოსავალმა 2 065 163 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3 672 ლარი იყო. „რუსთავი 2“-ზე ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დრო - 67.4% „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 60.9%-ს შეადგენდა.

„ტვ პირველის“ შემოსავალმა 1 865 753 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3 978 ლარი იყო. „ტვ პირველზე“ ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 37.1% „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაეთმო, თუმცა, არხის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი „ლელო საქართველოს“ ეკუთვნის - 27.6%.