მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ₾87 მილიონამდე გაიზარდა - არხების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

ტელევიზიები

კომუნიკაციების კომისია 2023 წლის სატელევიზიო ბაზრის წინასწარ ანგარიშს აქვეყნებს - დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სარეკლამო ბაზრის ზომა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონით, ანუ 18.6%-ით მეტი იყო.

ტელევიზიების მიხედვით, სარეკლამო ბაზრის ლიდერი კვლავ "იმედია", რომელიც ყოველწლიურად ყველაზე რეიტინგული არხის პოზიციას იკავებს. "იმედმა" რეკლამებიდან 33.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 8.6 მილიონით მეტი იყო.

4.5 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 13.7 მილიონს გაუტოლდა. სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე მესამე ადგილი "მთავარმა არხმა" დაიკავა.

საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მაჩვენებლები 2023 წელს:

1) იმედი - 33.7 მილიონი ლარი, ზრდა 8.6 მილიონი ლარი;
2) რუსთავი 2 (მედია ჰოლდინგ) - 13.7 მილიონი ლარი, ზრდა 4.5 მილიონი ლარი:
3) მთავარი არხი - 7.9 მილიონი ლარი, კლება 2.5 მილიონი ლარი;
4) პოსტვ - 7.4 მილიონი ლარი, ზრდა 2.5 მილიონი ლარი;
5) ფორმულა - 5.3 მილიონი ლარი, კლება 0.4 მილიონი ლარი;
6) ტელეკომპანია პირველი - 5.3 მილიონი ლარი, კლება 0.5 მილიონი ლარი;
7) GDS - 3.3 მილიონი ლარი, ზრდა 1.3 მილიონი ლარი;
8) BMG TV - 3.2 მილიონი ლარი, ზრდა 1.3 მილიონი ლარი;
9) საზოგადოებრივი მაუწყებელი - 2.4 მილიონი ლარი, კლება 0.7 მილიონი ლარი;
10) ჯორჯიან თაიმს მედია ჰოლდინგ (ტელევიზია) - 0.4 მილიონი ლარი, კლება 30 ათასი ლარი.

სხვა ყველა მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი - 4.7 მილიონი ლარი.

კომუნიკაციების კომისიის მეთოდოლოგიის მიხედვით, კომერციული სარეკლამო შემოსავალი მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს. ტელევიზიებმა გასულ წელს სხვა შემოსავლებიც მიიღეს, მათ შორისაა საზმაუს შემთხვევაში 100 მილიონ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება, ასევე სხვა არხების შემთხვევაში ესაა არხის დამფუძნებელთა დონაციები და დაკავშირებული მხარეების სესხები.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი სპონსორობაზე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები