მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რთულად აღსაქმელი იყო ეს გადაწყვეტილება” - სებ-ში Fitch-ის შეფასებაზე კითხვები აქვთ

6017bf5b79cc7
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.21 22:52
1170
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ქართული კომერციული ბანკების შესახებ განახლებული შეფასება, რომელშიც დააქვეითა რეიტინგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, “მთავრობის მხარდაჭერის” შეფასება.

“მთავრობის მხარდაჭერის” შეფასება წარმოადგენს რეიტინგის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ბანკისთვის კრიზისული ვითარების პერიოდში ასახავს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას. Fitch-მა ეს შეფასება ჩამოაქვეითა და ცვლილება ბანკებისთვის ახალ ამოქმედებულ რეზოლუციის ჩარჩოს დაუკავშირა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ცვლილების შედეგად შემცირდა ალბათობა, რომ სახელმწიფო ბანკებს კრიზისულ პერიოდში კაპიტალის სახით დაეხმარება.

ამ შეფასებაზე კითხვები აქვთ საქართველოს ეროვნულ ბანკში. BMG-სთან საუბარში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ მათთვის “რთულად აღსაქმელი იყო ეს გადაწყვეტილება”. ლეჟავას განმარტებით, აქამდე მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს საერთოდ აკრძალული ჰქონდა ბანკების კაპიტალში მონაწილეობა, საბანკო რეზოლუციის ახალი ჩარჩოს პირობებში კი ბანკებისთვის ლიკვიდაციის პროცესის ალტერნატიული პროცესი შეიქმნა. ამასთან, ლეჟავას განცხადებით, Fitch-ის ეს შეფასება ამოვარდნილია სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებისგან.

“რთულად აღსაქმელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან აქამდე, ამ ცვლილებებამდე მთავრობას პირდაპირ აკრძალული ჰქონდა ბანკების კაპიტალში მონაწილეობა. შესაბამისად ბანკების ფინანსურ კაპიტალში მონაწილეობა აკრძალული იყო კანონით. ახლა კი ამ ჩარჩოთი გვაქვს ორგანიზებული მოდელი.

მთავარი მისია ამ ცვლილების არის ის, რომ შეიქმნას ბანკის ლიკვიდაციის ალტერნატივა, რათა რომელიმე ბანკის ლიკვიდაციამ არ გამოიწვიოს რყევები. ჯერ კიდევ 2015 წლიდან მოგვცა სავალუტო ფონდმა რეკომენდაცია, რომ ბანკების რეზოლუციის ჩარჩოზე გვემუშავა. ამ ჩარჩოს მიზანი არის ის, რომ არცერთმა კრედიტორმა არ უნდა იზარალოს რეზოლუციის ქვეშ იმაზე მეტად, ვიდრე ის იზარალებდა ლიკვიდაციის დროს. რეზოლუციის ჩარჩო მოიაზრებს რამდენიმე ინსტრუმენტს, რისი გამოყენების უფლებაც აქვს ეროვნულ ბანკს. აქედან ზოგი გულისხმობს მთავრობის მხარდაჭერას, ზოგი არ გულისხმობს მთავრობის მხარდაჭერას. ანუ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობის მხარდაჭერის გარეშე წარიმართოს რეზოლუცია ან მთავრობის მხარდაჭერით. Fitch-ი ამბობს, რომ მაღალი დოლარიზაციის პირობებში მთავრობის მხარდაჭერის შესაძლებლობა არის შეზღუდული და აქედან გამომდინარე ამ ჩარჩოს გამოყენების შემთხვევაში მთავრობის დახმარების ალბათობა შემცირებულია. რეზოლუციის ასეთი ჩარჩოები ქვეყნებმა ზუსტად იმიტომ შემოიღეს, რომ 2008-2009 წლის კრიზისმა აჩვენა, რომ ამ ჩარჩოს გარეშე გადასახადის გადამხდელების თანხები შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტულ შემთხვევებში. ეს ჩარჩო იმას უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელთა თანხები იქნას უფრო მეტად დაცული.

ჩარჩოს შემოღებამდე ბანკებისთვის რეზოლუციის ნაცვლად არსებობდა მხოლოდ ლიკვიდაციის გზა, ასევე ჩარჩოს შემოღებამდე მთავრობას უბრალოდ ეკრძალებოდა კაპიტალში მონაწილეობა. ახალი ჩარჩოთი კი არსებობს ლიკვიდაციის ალტერნატივა და გვაქვს რეზოლუციის რამდენიმე ინსტრუმენტი.

Fitch-ის ეს შეფასება ამოვარდნილია სხვა სარეიტინგო სააგენტოების შეფასებისგან,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

თავად Fitch-ი BMG-ისთვის განმარტავს, რომ მათი აზრით საბანკო რეზოლუციის განახლებული ჩარჩო ამცირებს იმის ალბათობას, რომ სახელმწიფო კრიზისულ პერიოდში კაპიტალის სახით გაუწევს დახმარებას კომერციულ ბანკებს.

“მთავრობის მხარდაჭერის რეიტინგს არ აქვს კავშირი თავად ბანკების რეიტინგთან. ამდენად, ამ რეიტინგში დაქვეითება გავლენას ვერ ახდენს ჩვენ მიერ კომერციული ბანკების ფინანსური პროფილის შეფასებაზე. მხარდაჭერის რეიტინგი ეფუძნება რეზოლუციის ჩარჩოს და ამ ჩარჩოს ჩვენეულ შეფასებას, რომ მისი მოქმედების პირობებში, მთავრობის მხრიდან ბანკების მხარდაჭერა შესაძლებელია, თუმცა - არასაიმედო. საბანკო სისტემა საქართველოში ჯანსაღია. ჩვენ მოველით, რომ ამ სექტორის შემოსავლები 2021 წელს გაიზრდება, ამ წელს გაიზრდება ბანკების მოგებაც - განსხვავებით 2020 წლისგან, როცა სექტორი ნულოვან მოგებაზე გავიდა. ასევე მოველით, რომ სექტორის აქტივების ხარისხი, შესაძლოა, 2021 წელს გაუარესდეს, თუმცა, მას საკმარისი ბუფერები ექნება იმისთვის, რომ პოტენციურმა დანაკარგებმა კაპიტალზე წნეხი არ შექმნას,” - აცხადებს Fitch-ი.