მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთულია აუხსნა მომხმარებელს, რატომ იზრდება პროდუქტზე ფასები“ - "ფრესკო"

60b63ab780740
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.21 10:30
1610
"ფრესკოს" გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია აცხადებს, რომ რითეილსექტორში პროდუქტის გაძვირების მიზეზებზე საუბარი მომხმარებელთან რთული პროცესია და იმისთვის, რომ სარეალიზაციო საქონელი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, „ფრესკო“ მომხმარებელს ყოველკვირეულ აქციებს სთავაზობს. 

BM.GE-სთან საუბრისას სოფიო კორძახიამ აღნიშნა, რომ პანდემიამ კომპანიაზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა შიდა რესურსის ხარჯზე ჰიპერმარკეტების ქსელმა გამოწვევების გადალახვა შეძლო.

„ლარის კურსის გაუფასურებამ და ინფლაციურმა პროცესებმა 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის შემცირებას ხელი შეუწყო. რა თქმა უნდა, ფასები გაიზარდა და ეს მომხმარებლისთვის რთულია. ჩვენთვისაც რთულია, მომხმარებელს ავუხსნათ, რატომ იზრდება პროდუქტზე ფასები. ამ კუთხით მუდმივად გვაქვს კარგი აქციები და ფაქტობრივად დემპინგურ ფასში და თავის ფასში ვთავაზობთ პროდუქციას. ამით კომპანია შემოსავლებს იკლებს, რათა მომხმარებელმა საბოლოო ჯამში თავისი შემოსვლების ფარგლებში შენაძენი გააკეთოს“, - აცხადებს სოფიო კორძახია.

გამოწვევების მიუხედვად „ფრესკოში“ მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და განვითარების პროცესის შეჩერებას არ აპირებენ. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, 2020 წელს კომპანიამ წერეთლის მეტროს მიმდებარედ კიდევ ერთი ობიექტი გახსნა, რითიც 200-მდე ადამიანი დაასაქმა.

მომავალში ძველ რეჟიმში დაბრუნება სწრაფად და სწორად უნდა მოვახდინოთ, რათა მომხმარებელი შევინარჩუნოთ და ბაზარზეც პოზიციები გავაძლიეროთ. ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ მომავალს. ამის საფუძველი სახელმწიფოდან გამომდინარე არ არსებობს; რომ გითხრათ ბიზნესგარემოა შესაბამისი ან სახელმწიფოდან არის სტიმულირების მექანიზმები, ეს ასე არ არის. უფრო შიგნით ვნახულობთ რესურსს, რომ განვვითარდეთ და დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ“, - აღნიშნა „ფრესკოს“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო კორძახიამ.