მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთველისი“ წელს ღვინის წარმოებას 4 მლნ ბოთლამდე ზრდის - ინვესტიცია $1 მლნ-მდეა

63b6c1c48da8e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.23 17:20
1824
ღვინის მწარმოებელი კომპანია „რთველისი“ 2023 წელს წარმადობის 4 მლნ ბოთლამდე გაზრდას და ამისთვის 1 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე ჭიკაძემ BM.GE-სთან ისაუბრა. ცნობისთვის, ღვინის საწარმო, თელავში 2019 წლიდან ფუნქციონირებს და სტაბილურად 50 სამუშაო ადგილს ქმნის. კომპანია კახეთში 100 ჰა-ის ფართობზე ვენახს მართავს, სადაც სხვადასხვა ყურძნის ჯიშია გაშენებული.

თორნიკე ჭიკაძე ამბობს, რომ გამოწვევების მიუხედავად, კომპანიისთვის 2022 წელი წარმატებული იყო, რამაც დღის წესრიგში წარმოების გაზრდის საჭიროება დააყენა.

„წარმადობის გასაზრდელად 2023 წელს 1 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩავდებთ. ამ თანხით ქარხანა ახალი დანადგარებით აღიჭურვება და ღვინის შესანახ რეზერვუარებს შევიძენთ. ამასთან, ჩვენ ყოველწლიურად ფინანსების გარკვეულ ნაწილს ვენახების განვითარებაზე მივმართავთ. შედეგად წარმადობა 40%-ით 4 მლნ ბოთლამდე უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა თორნიკე ჭიკაიძემ.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიის გაყიდვები, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე 40%-ით გაიზარდა. დამფუძნებელი „რთველისის“ ღვინის მიმართ მოთხოვნას ქვეყანაში ტურისტების გაზრდილი ნაკადით, ექსპორტზე რეალიზების ზრდას კი ბაზრების დივერსიფიცირებით ხსნის.

„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების დაახლოებით 7% მოდის. 2022 წელს გაყიდვები გასულ წელთან შედარებით გავაორმაგეთ. დღეისთვის 35 დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ და წარმოდგენილები ვართ აგროჰაბში, ფრესკოში, გუდვილში, უნივერსამში, სმაგლერში, ალკორიუმში, სპარში, ნიკორაში. „რთველისის“ ღვინის გასაყიდი ფასი 12-დან 65 ლარამდე მერყეობს“, - ამბობს თორნიკე ჭიკაძე.

დღეისთვის "რთველისის" ღვინოების ექსპორტზე 17 ქვეყანაში გადის და წარმოების გაზრდასთან ერთად კომპანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზეც მუშაობს. კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ გასულ - 2022 წელს "რთველისის" ექსპორტი დამატებით ახალ ბაზრებზე - აშშ-ში, შვეიცარიაში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ჰონკონგში განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები