მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ, ჰონკონგი, შვეიცარია, საფრანგეთი - „რთველისი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

63b6dd490f79b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.23 19:37
856
ღვინის მწარმოებელი კომპანია „რთველისი“ 2022 წელს 35 დასახელების ღვინის რეალიზებას 18 საექსპორტო ბაზარზე ახორციელებდა. აქედან აშშ-ში, შვეიცარიაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, იტალიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში წელს კომპანიამ ღვინოები პირველად გაიტანა. შედეგად, 2022 წელს კომპანიის გაყიდვები 40%-ით გაიზარდა.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის გეგმასა და მნიშვნელობაზე bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე ჭიკაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, „რთველისის“ გაყიდვების 7% ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი - 93% კი ექსპორტზე მოდის. კითხვაზე - რატომ უკავია ადგილობრივ ბაზარს რეალიზებაში ასეთი მცირე წილი, ჭიკაძე ამბობს, რომ ეს მცირე ბაზრითა და მასზე არსებული მაღალი კონკურენციით არის განპირობებული.

„ქართული ბაზარი პატარაა, კონკურენცია კი დიდი. გაყიდვების დიდი წილი ტურისტებზე მოდის, რომლებიც საქართველოში შემოდიან. აქედან გამომდინარე, რეალიზაციის მოცულობები მცირეა, შესაბამისად წარმოების 7%-ის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება დაბალი მაჩვენებელი არ არის“, - ამბობს ჭიკაძე.

კომპანიაში თვლიან, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ღვინის რეალიზებისას მცირე და დიდი ზომის ბაზრებზე განვითარების აქცენტები თანაბრად უნდა იყოს დასმული, რადგან წარმოების სტაბილური განვითარების წინაპირობა სტაბილური გაყიდვებია.

„პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ ნებისმიერ სარეალიზაციო ბაზარზე განვითარებისთვის კომპანიები თანაბრად უნდა მუშაობდნენ - იქნება ეს მცირე თუ დიდი ქვეყნები. 2022 წლის დასაწყისში ჩვენ უკრაინის ბაზარზე შესვლა გვინდოდა, თუმცა თებერვლის ბოლოს ომმა ამ მიმართულებით ჩვენი გეგმები სრულად შეცვალა. ომმა „რთველისის“ საწარმოო პროცესებზე დიდი გავლენა მოახდინა და გარკვეულწილად შეფერხებებიც გამოიწვია - გაძვირდა შესაფუთი მასალები, შეიქმნა ლოგისტიკური შეფერხებები მოწოდებებთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა წელს ღვინო ექსპორტზე ჯამში 18 ქვეყანაში გავიტანეთ. აქედან „რთველისის“ ღვინო პირველად აშშ-ში, შვეიცარიაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, იტალიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში გავიტანეთ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

თორნიკე ჭიკაძის თქმით, „რთველისი“ ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობას 2023 წელსაც აგრძელებს და კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ღვინოს წარადგენს.

„ვგეგმავთ სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ გამოფენებზე მონაწილეობას. ვფიქრობთ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ამ გამოფენებზე წარმატებულად წარვდგებით. გარდა ამისა, წელს ღვინის გატანას ისრაელში, საფრანგეთსა და კორეაში ვგეგმავთ, მოლაპარაკებები თითოეული მიმართულებით დაწყებულია. საფრანგეთში რამდენიმე კარგი პარტნიორი გვყავს, რომელთანაც თანამშრომლობას ახლა ვიწყებთ. გარკვეული მიზნები ყაზახეთში ღვინის რეალიზებაზეც გვაქვს... ამასთან, მძიმე პერიოდის მიუხედავად, წელს უკრაინაში გააქტიურებასაც ვფიქრობთ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალ ბაზრებზე შესვლასთან ერთად ჩვენ ძველ ბაზრებზე პოზიციების გასამყარებლად მუშაობას არ ვწყვეტთ“, - ამბობს „რთველისის“ დამფუძნებელი და დასძენს, რომ საექსპორტო ბაზრებზე მაღალი კონკურენციისა და ქართული ღვინის ნაკლები ცნობადობის გამო ეს პროცესები დროში იწელება.

თორნიკე ჭიკაძის ინფორმაციით, წელს დასახული მიზნების მისაღწევად კომპანია ღვინის წარმოებას 4 მლნ ბოთლამდე გაზრდის, რისთვისაც 1 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები