დღეის მდგომარეობით, რთველი 2024-ის ფარგლებში უკვე გადამუშავდა 13 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 7.5 ათას ტონამდე რქაწითელია, 2.3 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, თუმცა მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც იკრიფება.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში კი 230 ღვინის საწარმოა დარეგისტრირებული.
ყურძნის კრეფა დაიწყეს კომპანია "რთველისშიც". კომპანიაში წელს 4000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავენ, რომლის ნაწილსაც "რთველისის" კუთვნილი ვენახებიდან გადაამუშავებენ ნაწილს კი შეიძენენ. კომპანიის მმართველი პარტნიორის, თორნიკე ჭიკაძის თქმით, წელს ყურძნის მოსავალი გასულ წელთან შედარებით როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად გაუმჯობესებულია.
“დღეს რასაც ვუყურებ ჩვენს საკუთარ ვენახებს და მოსავალს, ისე იმ ვენახებს, საიდანაც უნდა ჩავიბაროთ ყურძენი, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგად გამოიყურება მოსავალი. წინა წელთან შედარებით ბევრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს, რაც კომპანიებს საშუალებას მოგვცემს, რომ მივიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი. რთველის აქტიურ ფაზაში გადავალთ 10 სექტემბრიდან, ეს კვირა მოთელვითია. ჯამურად ვაპირებთ, რომ დაახლოებით 3500-4000 ტონა მიღებული ყურძენი გადავამუშაოთ როგორც ჩვენი ვენახებიდან, ასევე ფერემერებისგან ჩაბარებული ყურძნის. შარშან იყო ამ მოცულობის ნახევარი,” - ამბობს „რთველისის“ დამფუძნებელი პარტნიორი თორნიკე ჭიკაძე.