მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ომმა მეზობელი ქვეყნების ვალუტები მსოფლიოში საუკეთესოდ აქცია - Bloomberg

63a2e517d7c0a
გიორგი თოლორდავა
21.12.22 14:54
1137
Bloomberg-ზე გამოაქვეყნა ბენჟამინ ჰარვის ანალიტიკური სტატია სახელწოდებით - „რუსეთის ომმა მეზობელი ქვეყნების ვალუტები მსოფლიოში საუკეთესოდ აქცია“, რომელშიც საუბარი საქართველოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და ლარის მკვეთრ გამყარებაზეცაა.

ავტორის შეფასებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკაზე უაღრესად პოზიტიური გავლენა ჰქონდა, რასაც თავდაპირველად არც ანალიტიკოსები და არც თავად ამ ქვეყნების მეთაურები არ ვარაუდობდნენ.

ომის სწაყის პერიოდში ექსპერტები მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას პროგნოზირებდნენ, რადგან რუსეთიცა და უკრაინაც მათთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენდნენ, მათი ომში ჩართვა კი სავაჭრო ბრუნვის შემცირებას გამოიწვევდა, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა იქონია.

მიმდინარე წელს გლობალურ სავალუტო რეიტინგში საქართველოს, სომხეთისა და ტაჯიკეთის ეროვნულ ვალუტებს საუკეთესო შედეგები აქვთ, რაც რუსი მოსახლეობის მიგრაციითა და რეკორდულად გაზრდილი გადმორიცხვებითაა განპირობებული.

ერთწლიან ჭრილში სომხური დრამი ამერიკულ დოლართან მიმართებით 22%-ით გამყარდა; ქართული ლარი დოლართან მიმართებით 16%-ითაა გამყარებული; ხოლო ტაჯიკური სომონი ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის 10%-ით გამყარდა.

ზემოხსენებული ქვეყნების ეროვნული ვალუტების გამყარება რუსი მოქალაქეების ჩასვლითაა განპირობებული, მათ დიდ ნაწილს მეზობელ ქვეყნებში საკუთარი დანაზოგებიც მიაქვს, რაც ვალუტის გაცვლით კურსზე პოზიტიურად აისახება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რეკორდულად გაზრდილი მოხმარებაა, რაც აგრეთვე მიგრაციითაა განპირობებული. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველოსა და სომხეთი ეკონომიკების ორნიშნა ზრდაა პროგნოზირებული, რაც ომამდელი პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.