მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ზაფხულის განმავლობაში წიწიბურას ექსპორტი აკრძალა

609243eb0ef91
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 11:10
1113
რუსეთმა ზაფხულის დასაწყისიდან მის დასრულებამდე წიწიბურას ექსპორტი აკრძალა - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთიდან წიწიბურის, ბურღულისა და წიწიბურის დამსხვრეული მარცვლის ექსპორტი დროებით იკრძალება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ წიწიბურა ადგილობრივი ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების ჩამონათვალში შეიყვანეს.

წიწიბურას ექსპორტზე გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება თუ პროდუქტი ჰუმანიტარული დახმარების შემადგენლობაში შედის, რომლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის მიერ იყო მიღებული. ასევე გამონაკლისს წარმოადგენს თუ წიწიბურა სამხედროებისთვის ან ბაიონკურში კოსმონავტებისთვისაა განკუთვნილი. ექსპორტი დაშვებულია იმ შემთხვევაშიც თუ პროდუქტი რუსეთის ერთი რეგიონიდან სხვა ქვეყნის გავლით, ფედერაციის მეორე რეგიონში გადააქვთ და სხვა რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაში.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას უნდა შეატყობინოს.