მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი ვიზიტორების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად დასახლდა - TI-ს კვლევა

636a179dd515b
თამთა ჯიჯავაძე
08.11.22 12:54
761
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც, რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. TI-ს მიხედვით, ამას მიანიშნებს როგორც კომპანიების რეგისტრაცია, ისე საქართველო-რუსეთის საზღვრის ორმხრივად კვეთის (შემოსვლა-გასვლა) სტატისტიკა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-სექტემბერში საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 35%-ით ნაკლებია, თუმცა ცალკე აღებულ აგვისტო-სექტემბერში, წელს რუსეთიდან 6%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში;

ასევე 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია.

„2022 წლის მარტიდან საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვინაიდან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო ტურიზმი ძალიან შემცირებული იყო, მიმდინარე წელს ტურიზმის ზრდის ტემპის შეფასებისთვის უფრო ადეკვატური 2019 წელთან შედარებაა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე 35%-ით ნაკლებია, თუმცა მიმდინარე წელს აგვისტო-სექტემბერში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორების რიცხვმა 2019 წლის აგვისტო-სექტემბრის მაჩვენებელს 6%-ით გადააჭარბა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 5,362 რუსი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის აგვისტოში, ხოლო სექტემბერში 15,767-ით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის სექტემბერში. სექტემბერში დაფიქსირებული ზრდა, გარკვეულწილად მიმდინარე წლის 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციას შეიძლება უკავშირდებოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 23-26 სექტემბერს რუსეთიდან დღეში საშუალოდ 10,150 ადამიანი შემოდიოდა, რაც 60%-ით მეტია 17-21 სექტემბრის საშუალო დღიურ მაჩვენებელზე.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 3.4% პუნქტით აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-თვის აქამდე არასდროს მიუღწევია“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, TI-ს მიხედვით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორებიდან რამდენი ადამიანი დარჩა საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, 2022 წლის მარტი-ივნისში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 18% საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გასულთა შორის სხვაობა), რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 5% იყო. 31 ივლისის მდგომარეობით, ომის დაწყების შემდეგ შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 43 ათასამდე დარჩა საქართველოში ხანგრძლივი ცხოვრების მიზნით.