„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის აზრით, „საქართველოში პოლიტიკოსებს შორის ეგოს დატოლებას უნდა დაესვას წერტილი“.
ასე უპასუხა ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
„სახელებს და გვარებს არ ვამბობ, მაგრამ ძალიან ბევრს ეხება - ეგოს დატოლებას უნდა დაუსვან წერტილი და ქვეყნისთვის საჭირო საქმე აკეთონ“, - ამბობს ის.
რა სჭირდება საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის? – „ცალსახა პასუხი მაქვს - უკეთესი განათლება,“ - აცხადებს ბესო ნამჩავაძე და იქვე დასძენს, რომ განათლების ხარისხის გაზრდის გარეშე მოქალაქეების კეთილდღეობა ვერ გაიზრდება.
„მე, როგორც ეკონომისტს, მდგრადი ეკონომიკური განვითარება მესმის არა უბრალოდ როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნება ანუ 5-10 წელი სტაბილურად უნდა ვიზრდებოდეთ, იმ დაშვებით, რომ არაა პანდემია და რეგიონში - ომი. ამისთვის კი, გვჭირდება უკეთესი განათლება. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენსავით ღარიბია ბუნებრივი რესურსებით და გამდიდრდა ისე, რომ ისეთი სკოლა და უნივერსიტეტი ჰქონდა, როგორიც საქართველოშია, განსაკუთრებით - საშუალო განათლების ხარისხი.
სოფლის მეურნეობიდან და მსუბუქი მრეწველობიდან თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებასა და და მომსახურების მიწოდებაზე უნდა გადავიდეთ, რასაც უფრო მეტი განათლება სჭირდება. უბრალოდ, მუშა ხელი და სამუშაო ძალა, რომლის დეფიციტიც არის ქვეყანაში, ამას ვერ შეძლებს.
ამასთან, არის მეორე საკითხიც - თუ ჩვენ უკეთესი ეკონომიკა ვერ შევქმენით, ჩვენი თაობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავა, რადგან როცა საქართველოში 700-800 ლარია ხელფასი, მას ურჩევნია საზღვარგარეთ წავიდეს, სადაც იგივე საქმეს გააკეთებს, მაგრამ ხუთჯერ და ათჯერ მაღალი შემოსავალი ექნება, მაგრამ მას თუ შესაბამისი განათლება და უნარ-ჩვევები ექნება, საქართველოში აიღებს ათასობით ლარის ხელფასს და არსად წვა“, - განმარტავს ბესო ნამჩავაძე.