მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ევროპას და ამერიკას ომის პარტიას დაარქმევ, წარმოუდგენელია, თავზე ხელი გადაგისვან და მეტი ფული მოგცენ“ - ნამჩავაძე

ბესო ნამჩავაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის შეფასებით, რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ უცხოელი დონორების მხრიდან მსხვილი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის თანხები აღარ დაიხარჯოს.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ნამჩავაძემ განმარტა, რომ არსებული კანონი სახელმწიფო პროექტებს არ ეხება, თუმცა, ქვეყნის მიერ კურსის ცვლილება, ავტომატურად გამოიწვევს როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე კერძო სექტორის მხრიდან ინტერესის შესუსტებას.

„სხვა მოლოდინი აღარც არსებობდა, ოფიციალურად გაფორმდა ეს პროცესი უკვე, თუმცა კარგია რომ პროტესტის ტალღა იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება. დარწმუნებულები ვართ გავიმარჯვებთ და დავუბრუნდებით დასავლურ კურსს და იმ პროექტებს, რომელიც მათი მხარდაჭერით ხორციელდება. ნაწილი არის საჩუქარი, ნაწილი კრედიტი, ოღონდ არის გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები, ფაქტობრივად უპროცენტო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მთავრობა ტექნიკურად სიმართლეს ამბობს, ამ კანონით ნამდვილად არ ეხება ეს ამ პროექტებს, ინსტიტუციურად ამას ხელი არ ეშლება, მაგრამ ჩვენ უფრო დიდ სურათში ვსაუბრობთ. დასავლელ პარტნიორებს ჯერ კიდევ იმედები აქვთ, მაგრამ როდესაც გამოცხადდება, რომ ამ ქვეყანაში არასამთავრობო სექტორს და მედიას ახშობენ და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, ქვეყანამ კურსი შეცვალა, ეს შემდეგ შეეხება მსხვილ პროექტებსაც, თორემ გასაგებია რომ თავად ამ კანონში ეს ნაწილი არ წერია", - განაცხადა ნამჩავაძემ.

მისი თქმით, როდესაც ევროპას და ამერიკას ომის პარტიას დაარქმევ და ამბობ, რომ რაც ცუდი ხდება მათი ბრალია, წარმოუდგენელია, რომ მათ თავზე ხელი გადაგისვან და უფრო მეტი ფული მოგცენ.

"მით უმეტეს, საქართველო არ არის ისეთ ადგილას გეოპოლიტიკურად, როგორც მაგ. ისლანდიაა. ჩვენ თუ დასავლეთისგან მარტო დავრჩებით, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთისკენ მივდივართ და რუსულ მთავრობაში არავინ ჩადებს მილიარდობით დოლარს. ეს არ ეხება მხოლოდ სახელმწიფოს, ბევრი კერძო ინვესტორიც უარს იტყვის აქ ინვესტირებაზე. ეს შეეხება უძრავი ქონების სექტორსაც. გასული წლის ბოლოს ევროკავშირს სტატუსი როცა მივიღეთ, განწყობები დადებითად შეცვალა, ბევრი დაინტერესდა საცხოვრებელი სახლებით და ინფრასტრუქტურით და ეს პროცესები უკან შებრუნდება.

მაქსიმუმ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ დაწყებული პროექტები არ შეჩერდეს, ხოლო ახლის მოზიდვაზე უკვე ზედმეტი იქნება საუბარი. ესეც დღევანდელი გადასახედიდან და ასე თუ გაგრძელდა 2 კვირის და 2 თვის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე იქნება სიტუაცია, იმიტომ, რომ ეს ხალხი ვინც დღეს გადაწყვეტილებას იღებს, მაღალია ალბათობა, რომ სანქციების ქვეშ მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში მათთან ვეღარავინ გააგრძელებს თანამშრომლობას. EBRD, WB - ეს სამთავრობო ბანკებია, სახელი ისე ჟღერს, თითქოს კერძოა, თუმცა ეს ასე არ არის, ეს ევროკავშირის ფულია, ძალიან პოლიტიზებულია და გავლენა მაღალია, როგორც ეტყვის ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები, ისე მოიქცევიან ეს ბანკები“, - განაცხადა ნამჩავაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები