„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში რუსული ფულის ეფექტი ილევა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, აღნიშნულს ადასტურებს ბოლო ორი თვის ტენდენცია, რომლის თანახმად, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა; ივლისში კი, ეკონომიკა 5,5%-ით გაიზარდა.
"ნელ-ნელა, ეკონომიკის ზრდის ტემპი უფრო დაბლა ჩამოვა, მაგრამ გაურკვევლობა დიდია და თუ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდა და კიდევ უფრო მეტი რუსი გამოიქცა საქართველოში, მას შემოჰყვება კიდევ უფრო მეტი ფული, რაც ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მაგრამ ამის პროგნოზირება არ შეგვიძლია“, - აღნიშნა ეკონომისტმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის შეფასებით, შარშან და წელს როგორც მეზობელ სომხეთში, ისე საქართველოში ეკონომიკის მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი სწორედ რუსული კაპიტალის შემოდინებაა, რაც რუსი მიგრანტების გაზრდილს ნაკადს მოჰყვა. 2021 წელს ეკონომიკის 10.5%-ით გაზრდის მთავარ ფაქტორად კი, ეკონომისტი პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გახსნას ასახელებს.
„რატომ გვქონდა 2021 და 2022 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა? – 2020 წელს, როდესაც პანდემიის გამო, ეკონომიკა დაიკეტა, გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. 2021 კი პოსტპანდემიური წელი იყო ანუ ეკონომიკა გაიხსნა, თუმცა მსოფლიო მასშტაბით, მაინც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და მთავრობის წარმომადგენლებმაც შეიძლება თქვან - „სხვა ქვეყნებს რატომ არ ჰქონდათ 10%-იანი ზრდა, იქაც ხომ იყო პანდემია?!“ საქმე ის არის, რომ თუ დავაკვირდებით, 2021 წელს მაღალი ზრდა ჰქონდათ პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად ტურიზმზე არიან; სამაგიეროდ, ჩვენ უფრო დავზარალდით 2020 წელს 6%-იანი ეკონომიკური ვარდნით, ვიდრე სხვა ბევრი ქვეყანა. ამდენად, როდესაც ეკონომიკის გახსნა დაიწყო, საქართველოს უფრო დაეტყო, ვიდრე - სხვა ქვეყნებს. 2022 წელს კი, ამ ფაქტორს დაემატა რუსი მიგრანტების ეფექტი - გაზრდილი სატრანზიტო ვაჭრობა, გაზრდილი რუსული კაპიტალი, ფულადი გზავნილები, მოგზაურობიდან შემოსავლები და ა.შ., რაც ეკონომიკის ზრდას დაეხმარა.
ანალოგიური მიზეზებით არის მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ სომხეთშიც, რომელიც მსოფლიოში ზრდის ტემპით მეხუთე ადგილზეა, თან ქვეყანა ომში იყო. რა მოხდა? - სომხეთის ეკონომიკაზე კიდევ უფრო მეტად აისახა რუსული ფულის შესვლა... იქ იმაზეც არაა საუბარი, რაზედაც საქართველოში, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, გამოგვიყენონ სანქციების გვერდის ავლის ადგილად. ამდენად, იქ კიდევ უფრო მეტი ფულადი გზავნილი და კაპიტალი შევიდა. შედეგად, სომხეთს წელსაც ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.