მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ გადმოსახედიდან, 2024 წლისთვის 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა ამბიციური ჩანს“ - ორი მიზეზი

ეკონომისტი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის აზრით, 2024 წელს ეკონომიკის 5,2%-ით გაზრდა სათუოა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. 

ეკონომისტი თავის პროგნოზს ორი რისკით ამყარებს: პირველია რუსეთ-უკრაინის ომი, მეორე კი - ომი ისრაელში. 

„5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა პროგნოზირებს, არ იქნება ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, ამბიციური ჩანს.

ჩვენი ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული რუსი მიგრანტების და შესაბამისად, რუსული კაპიტალის შემოსვლა საქართველოში, რამაც განაპირობა გასულს წელს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა.  

რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორს უკვე დაემატა ომი ისრაელში, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო ანუ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვარიანტის მომზადებისას,  როდესაც 5,2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გაკეთდა პროგნოზი, ისრაელის ომი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. 

იქ ბევრი ქართველია დასაქმებული, ვინც ფულად გზავნილებს აგზავნის სამშობლოში; ასევე  ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან და გაურკვევლობაა - შეიძლება, ომი ერთ კვირაში დამთავრდეს, მაგრამ შეიძლება - ერთ წელიწადში. ამდენად, ისრაელი ჩვენთვის საკმაოდ მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია - ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმიდან შემოსავლების ჯამში, წლიურად ნახევარ მილიარდამდე დოლარით“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

რაც შეეხება 2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მიზეზებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის შეფასებით, 2021 წელს მთავარი ფაქტორი ეკონომიკის გახსნა იყო, 2022 წელს კი - რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ქვეყანაში რუსული კაპიტალის შემოდინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები