2023 წლის ექვს თვეში საქართველოში ისრაელიდან 210 178 ვიზიტი შედგა. ისრაელი იმ TOP-5 ქვეყანას შორისაა, საიდანაც წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა და თან 38%-ით მეტი, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს. ისრაელელი ტურისტების კონტრიბუცია მნიშვნელოვანია საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებშიც, რომელიც პანდემიური 2020 წლის გამოკლებით, ძირითადად, მზარდია; წელს ექვს თვეში, ისრაელიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა საქართველოში 148 მლნ დოლარი დახარჯეს. ბოლო 5.5 წელიწადში კი - მილიარდ დოლარამდე.
ისრაელის ბაზარი რომ საქართველოს ტურიზმისთვის, განსაკუთრებით კი, აჭარის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, ამას ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორი ირაკლი ლორთქიფანიძეც ადასტურებს.
„ისრაელი არის ქვეყანა, საიდანაც წელიწადის თორმეტივე თვე, სეზონის განურჩევლად ჩამოდიან ტურისტები. ათეულობით ფრენაა როგორც ბათუმის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში. ბოლო ათ წელზე მეტია, ჩვენი კომპანიის ტურისტების ერთი მესამედი ისრაელს უკავია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელიდან ტურისტები, ძირითადად, 3-4 დღით ჩამოდიან - კვირას ორ ნაწილად ყოფენ, მაგრამ მთელი წელი გვყავს, მაშინაც კი, როცა სეზონი არაა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დასაფასებელია. დაბალ სეზონზე ტურისტების ყოლა შესაძლებლობას გვაძლევს, გვქონდეს შემოსავალი და შევინარჩუნოთ დასაქმებულები. ამდენად, ისრაელიდან ტურისტების ნაკადის შეჩერება ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მტკივნეულია“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
„აჭარა ტურის“ დირექტორი იმედოვნებს, რომ ისრაელში ომი მალე დასრულდება, ვინაიდან არასტაბილურობა, პირველ რიგში, ნეგატიურად ტურიზმზე აისახება. „წერტილთან“ ინტერვიუში ირაკლი თავართქილაძემ მოყვა, რომ „აჭარა ტურმა“, უკრაინის ბაზარი, რომელიც ომის გამო სრულად დაკარგა, წელს სწორედ ისრაელის და ყაზახეთის ბაზრებით ჩაანაცვლა.
„ადამიანები მოგზაურობენ იქ, სადაც მშვიდობა და სტაბილურობაა“, - აღნიშნა ტუროპერატორმა და დასძინა, რომ ისრაელში ომი, სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება გალფის ქვეყნებიდან ვიზიტორების ნაკადზეც.
"წელს, ისედაც შევამჩნიეთ გალფის ქვეყნებიდან ტურისტების შემცირება. ამის მიზეზია ის, რომ მათთვის სხვა ქვეყნებიც გახდა პოპულარული, როგორც ჩვენი მეზობლები, ისევ ევროპის ქვეყნები, რომელთაც უვიზო მიმოსვლა შემოიღეს. მაგალითად, სომხეთშიც შეინიშნება არაბი ტურისტების ნაკადი. წელს გალფის ქვეყნებიდან, მათ შორის დუბაიდან, ნაკლები ტურისტი გვყავდა, ვიდრე შარშან, როცა ბუმი იყო.
რა თქმა უნდა, ეს <ისრაელის> ომიც იმოქმედებს ამ ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე, რადგან კავკასია მყიფე რეგიონია - ახლოს ვართ ისრაელთან და ასევე, უკრაინასთან. ამდენად, ფრთხილი ტურისტი ყოველთვის იყოყმანებს, წავიდეს თუ არა იმ ქვეყანაში, რომლის სამეზობლოშიც ესკალაციის რისკია“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.
„აჭარა ტურის“ დირექტორი ფიქრობს, რომ ტურისტების მოსაზიდად საჭიროა აქტიური მარკეტინგული კამპანიები იმ ქვეყნებში, საიდანც ვიზიტორების მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს. ირაკლი თავართქილაძე პოტენციალს ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებზე ხედავს.
FDI, ვაჭრობა, გზავნილები, ტურიზმი - როგორია საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კავშირი?