მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ელიან აჭარაში ტურისტებს? - "აჭარა ტურის" მოლოდინები

647ad600e124b
სალომე ხიდურელი
03.06.23 12:00
2900
ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს საკურორტო ქალაქები დამსვენებლების დასახვედრად ემზადებიან. რა მოლოდინები აქვს ტურისტულ ბიზნესს აჭარის რეგიონში, ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ირაკლი თავართქილაძემ, „აჭარა ტურის“ დამფუძნებელმა ისაუბრა. 

მისი პროგნოზით, ტურისტებით ბათუმის დატვირთვა 15 ივნისიდან გაიზრდება. დამსვენებლებს კი, როგორც ევროპის, ასევე არაბული და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოვლენ.

„საკმაოდ წვიმიანი და ცივი მაისი გვქონდა, რაც, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება ჩვენს ტურიზმზე, რადგან ტურისტს უნდა სითბო, მზე.. ამ სეზონზე ძირითადი დატვირთვა 15 ივნისიდან წამოვა, როდესაც ფრენების რაოდენობა უფრო გაიზრდება. ამ ეტაპზე სტაბილური ფრენებია არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. სამომავლოდ დაიწყება ფრენები ბელარუსიდან, დუბაიდან, ყაზახეთიდან, იორდანიიდან. ამიტომ საკმაოდ დატვირთულ ტურისტულ სეზონს ველით, ვფიქრობთ, მინიმუმ 2022 წლის შედეგი განმეორდება“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

მისი თქმით, ივნისიდან დაიწყება AirBaltic-ის რეგულარული ფრენები რიგა-ბათუმის მიმართულებით, რაც ბათუმის აეროპორტში პირველი ევროპული რეისი იქნება. ასევე, გაიზრდება დატვირთვა პოლონეთიდანაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ-ახალი ბაზრები საქართველოს ტურისტულ რეგიონს უფრო მეტად დატვირთავს.

ირაკლი თავართქილაძემ BMGTV-ს ეთერში აჭარის სეზონისთვის მზაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც საკვების და არც განთავსების ობიექტების მხრივ, რეგიონში პრობლემა არ იქნება.

„ბოლო ერთი წლის მანძილზე ბათუმში საკმაოდ ბევრი რესტორანი გაიხსნა, რაც ალბათ მოთხოვნით აიხსნება, რადგან, მოგეხსენებათ, ბათუმში დიდი რაოდენობით ე.წ. ეკონომიკური მიგრანტები არიან ჩამოსულები და მოთხოვნა კაფე-რესტორნებზე გაიზარდა. მინდა გითხრათ, რომ მინიმუმ 30%-ითაა გაზრდილი კაფე-რესტორნების რაოდენობა ბათუმში. რაც შეეხება სასტუმროებს, მოგეხსენებათ, ბათუმში განსაკუთრებით პოპულარულია აპარტჰოტელების ბიზნესი, ათასობით ახალი აპარტამენტია მხოლოდ „ორბის“ კომპლექსებში, ამიტომ ვფიქრობ, განთავსების საშუალებებზე მიწოდების პრობლემა არ იქნება“, - ამბობს „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი.

გარდა ამისა, ირაკლი თავართქილაძის თქმით, ლარის გამყარების გამო, აჭარა ტურისტულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასებით გამოჩნდება. მისი განმარტებით, ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, ევროპის ქვეყნები ან ეგვიპტე, ფასები 30-40%-თაა გაძვირებული, საქართველო კი, გასული წლის ფასებს ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები