მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტების 30-35%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ 2019 წლის ნიშნულს ვერ მივუახლოვდით - „აჭარა ტური“

აჭარა ტური

„წელს, ტურისტების 30-35%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ 2019 წლის ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ მივუახლოვდით, ალბათ 15% მაინც არის სხვაობა“, - ასე აფასებს გასულ ცხრა თვეს BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორი. 

ირაკლი თავართქილაძე გვიყვება, რომ „აჭარა ტურმა“ უკრაინის ბაზრიდან ვიზიტორების დანაკარგი ისრაელით და ყაზახეთით შეავსო, მაგრამ ომმა ისრაელში ტურიზმის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

„2022 წელს „აჭარა ტურს“ ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რადგან ჩვენს პორტფელში 30%-40% ეკავა უკრაინის ბაზარს, რომელიც თითქმის სრულად დავკარგეთ.  2023 წელი კი, ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული. რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული დანაკარგი მთლიანად შევავსეთ ისრაელის და ყაზახეთის ბაზრებით; ასევე ბევრი სტუმარი გვყავდა ირანიდან. გარდა ამისა, ადგილობრივი კომპანიებისთვის სხვადასხვა სერვისის დისტრიბუტორები ვიყავით. ამდენად, ტურისტების სტატისტიკის თვალსაზრისით, შარშანდელთან შედარებით, წელს 30-35%-იანი ზრდა გვქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივუახლოვდით 2019 წლის ნიშნულს, ალბათ 15% მაინც არის სხვაობა“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

ტუროპერატორი იმედოვნებს, რომ ისრაელში ომი მალე დასრულდება და სიტუაცია დასტაბილურდება. 

„შარშან, ისრაელიდან კვირაში ორი ჩარტერული ავიარეისი გვქონდა. წელს ექვსი რეისი იყო, რომელიც მარტში დავიწყეთ და წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო. ჩვენ ისრაელიდან არა მხოლოდ ებრაელი ტურისტები გვყავდა, არამედ პალესტინელი და არაბი ვიზიტორებიც. 9 ოქტომბრის შემდეგ, როცა ისრაელში ომი დაიწყო, ბუნებრივია, ტურისტები კანტი-კუნტად ჩამოდიან და ისრაელის მოქალაქეები, ძირითადად, სამშობლოში მიემგზავრებიან.

პროგნოზების გაკეთება ძნელია. ვიმედოვნებთ, ომი ისრაელში მალე დასრულდება. რა თქმა უნდა, ომის დამთავრებით მყისიერად ვერ აღდგება დანაკარგი - შეიძლება დაზიანდეს აეროპორტები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა, მაგრამ იმედი გვაქვს, სიტუაცია გაზაფხულამდე დასტაბილურდება“, - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები