ქართული გასტრონომია, ღვინო და გამაჯანსაღებელი კურორტები - "რუმს ჰოლდინგის“ დირექტორი ვალერი ჩეხერია ფიქრობს, რომ მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოსაზიდად საქართველოს მარკეტინგული კამპანიები სწორედ ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს. მთავარი სამიზნე ბაზრები კი, ევროპის ქვეყნები და აშშ უნდა იყოს. საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვის პოტენციალს ის ჩინეთიდან და ინდოეთიდანაც ხედავს, რაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას ისრაელის ბაზრის ჩანაცვლებაში დაეხმარება.
ამ თემებზე ვალერი ჩეხერიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
„პირველ რიგში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვთხოვეთ, კონკრეტული პრესტურების მოწყობა და ინფლუენსერების ჩამოყვანა იმისთვის, რომ ისრაელის ბაზარი სწრაფად ჩავანაცვლოთ ჩინეთის და ე.წ. გალფის ქვეყნებით, რაშიც მოგვყვებიან და ერთად მუშაობით, ბევრად სწრაფად და უმტკივნეულოდ გადავივლით ამ გამოწვევასაც. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ძალიან კარგი ხელშეწყობა იქნება... კონკრეტული პროექტი არ მაქვს შეთავაზებული, მაგრამ „რუმს ჰოლდინგის“ გაყიდვების გუნდთან ერთად ვმუშაობ და ვაპირებთ, კონკრეტული პროექტით მივიდეთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის სტრატეგიის განახლებაზე მუშაობა მიმდინარეობს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქტიურ კომუნიკაციაშია.
- ძალიან აქტიური სატელეფონო საუბრები მქონდა ტურიზმის ადმინისტრაციასთან; პირველ რიგში, უნდა ჩამოვყალიბდეთ რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ანუ რით შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპელი ან სხვა გადამხდელუნარიანი ტურისტი. რასაკვირველია, ყველა ვჯერდებით რომ გვაქვს კარგი გასტრონომია, ღვინო და გამაჯანსაღებელი კურორტები, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა და ასეთ კურორტებზე წასვლა „ლაქშერი“ მოგზაურობად იქცა. მაგალითად, თუ პანდემიამდე ევროპის გამაჯანსაღებელ კურორტებზე სასტუმროების საშუალო ფასი 300-დან 400 ევრომდე მერყეობდა, ახლა 1000 ევრომდე ღირს. ამ მხრივ, საქართველოდ დიდი პოტენციალი აქვს - მაგალითად, წყალტუბო, ასევე, აბასთუმნის კურორტი, სადაც ჩვენი ბიზნესჯგუფი სასტუმროს აშენებს; სხვათა შორის, USAID-თან ერთად ახლა ვმუშაობთ კვლევაზე, რომელმაც კურორტის სრული პოტენციალი უნდა გამოავლინოს, რითაც ტურისტებს მოვიზიდავთ - ობსერვატორია, გამაჯანსაღებელი ჰაერი, გოგირდის წყლები და ა.შ. ეს ყველაფერი შეიძლება, ძალიან ლამაზად შეიფუთოს და აბასთუმანი ვაქციოთ ისეთ კურორტად, სადაც მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი ჩამოვა... ტურიზმის მარკეტინგის განახლებულ სტრატეგიაში ეს იქნება მოცემული...
- რომელ ბაზრებზე უნდა ჩატარდეს მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები?
- გამაჯანსაღებელ კურორტებზე დასვენება ძალიან საინტერესოა აშშ-ის და ევროპის მოქალაქეებისთვის. მაგალითად, ამერიკელები მზად არიან, 24-48 საათი იფრინონ, ოღონდ ჩავიდნენ ასეთ ადგილას და დაისვენონ. ამდენად, საქართველო შეიძლება ევროპის გამაჯანსაღებელი კურორტების კარგი ალტერნატივა იყოს.
- კიდევ რა შეიძლება ტურისტებს შევთავაზოთ - როგორ მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტი?
- საინტერესო შეიძლება იყოს ისეთი პროექტები, როგორიცაა „გადაიღე საქართველოდან“, ასევე - „იმუშავე საქართველოდან“. გარდა ამისა, გლობალური დათბობის გამო, ძალიან „ლაქშერი“ მოგზაურობად იქცა მთის კურორტებზე დასვენება და სრიალი. მაგალითად, 2-3 წლის წინ, შვეიცარიის, იტალიის თუ საფრანგეთის ზამთრის კურორტებზე, მაღალ სეზონზე სასტუმროს ნომერი 500 დოლარამდე ღირდა, ახლა 1200 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვი. მოთხოვნის ზრდამ ისე გაზარდა ფასები, რომ ევროპელებისთვის თავისივე კურორტებზე დასვენება ხელმიუწვდომელი ხდება, ამიტომ შეგვიძლია ალტერნატივად საქართველოს კურორტები - გოდერძი, მესტია, გუდაური შევთავაზოთ... ყველაზე მთავარი და დიდი გამოწვევა კი, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა და შემდეგ უკვე, ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ქალაქსა და კურორტზე კომფორტული და მარტივი გადაადგილებაა.