მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმების ტემპზე იქნება დამოკიდებული, რა დახმარებას მივიღებთ ევროკავშირისგან - ბესო ნამჩავაძე

ბესო ნამჩავაძე

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა განსაზღვრავს დათქმებს, რომელთან ერთადაც ამ რეკომენდაციას გასცემს.

აღნიშნული დათქმები განმარტებულია გაფართოების შესახებ 75-გვერდიან ანგარიშში, რომლებშიც განსაზღვრულია ცხრა პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შესახებაც საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს.

დეკემბერში გახდება ცნობილი, გაიზიარებს თუ არა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ევროსაბჭო და მიიღებს თუ არა საქართველო საბჭოს წევრი 27 სახელმწიფოს თანხმობას EU-ს წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანა სტატუსის მიღებასთან ერთად უფრო მეტად დაინახავდა ეკონომიკურ სარგებელს, ვიდრე ახლა, როცა ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია. ბესო ნამჩავაძის განცხადებით, სტატუსი ნიშნავს, რომ საქართველო ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ეხსნება წვდომა დაფინანსებაზე, თუმცა რა მოცულობის თანხების მიიღებს საქართველო დახმარების სახით ევროკავშირისგან, ნამჩავაძის შეფასებით, ეს დამოკიდებული იქნება რეფორმების ტემპზე.

„როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე, მას ხელმისაწვდომობა ეხსნება ისეთ ფონდებზე ევროკავშირში, რომელსაც აქამდე ვერ მიიღებდა. ეს თანხები ნაწილდება დაახლოებით 10 ქვეყანაზე, რომელთაც აქვთ სტატუსი. აქ არის მილიარდობით ევროზე საუბარი, მაგრამ რამდენ თანხას აითვისებ დამოკიდებულია, რა რეფორმებს ატარებ და რა სისწრაფით.

თუ საქართველოს მთავრობა არანაირ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ საერთოდ ვერანაირ თანხას ვერ მივიღებთ. თუ მომავალი წლის დასაწყისში ქვეყანა აქტიურად დაიწყებს რეფორმების გატარებას, უკვე მიიღებს სოლიდურ თანხებს. ეს შეიძლება იყოს ასობით მილიონი ლარი.

ჩვენ დავთვალეთ და ეს შეიძლება იყოს წელიწადში 100 მილიონი ევრო, 300 მილიონი ლარი. ეს არ არის ვალი, ეს არ არის სესხი, ეს შეიძლება ითქვას არის ნაჩუქარი ფული, რომელსაც გაძლევენ, ოღონდ შენ რეფორმები გაატარე, რაც ჩვენ მნიშვნელოვნად შეგვიმცირებდა ბიუჯეტის დეფიციტს, არ დაგვჭირდებოდა ბევრი ვალის აღება, მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვისაც კარგი იქნებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბევრი რეკომენდაცია გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, ბევრი რეფორმა გვჭირდება, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება გვჭირდება, რომ დავუახლოვოთ ჩვენი ევროპისას. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ინტეგრაცია დაჩქარდეს, რეფორმების გატარების პროცესში წამოვა ბევრი ფული, სწორედ რეფორმების ტემპზე იქნება დამოკიდებული, რამდენ თანხას მივიღებთ დახმარების სახით“,-აცხადებს BM.GE-სთან ბესო ნამჩავაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები